პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ დევნილების განსახლების თემით ანტიკრიზისული საბჭო უნდა დაინტერესებულიყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა, დევნილთა გასახლების პრობლემა არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დატვირთვისაა. მისი თქმით, ამ საკითხს იგი ხელისუფლების მხრიდან ჩადენილ ვანდალურ აქტად განიხილავს. ლორთქიფანიძის აზრით, ვანდალობა იყო დევნილთა აყრა ისნის ჰოსპიტალიდან და სხვა ჩასახლებებიდან, რამაც მას ინდიელების ოკლაჰომაში გახიზვნის ფაქტი მოაგონა.
"იმედი მქონდა, რომ 15 იანვრიდან ანტიკრიზისული საბჭო ფორმალურად მაინც იმსჯელებდა ამ საკითხზე და იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისაAდა ლტოლვილთა მინისტრს პასუხისმგებლობას დააკისრებდა. თუმცა საეჭვო მიზეზთა გამო ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე საქართველოში არ იმყოფებოდა, საბჭოს მაინც შეეძლო საკუთარი პოზიციის დაფიქსირება", _ აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, რადგან ანტიკრიზისული საბჭოს მიერ ეს მნიშვნელოვანი აქტი არ განხორციელდა, ჩნდება ეჭვი, რომ იანვარში დაიწყება და დასრულდება კიდეც დევნილთა გასახლების პროცესი.
დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ, როგორც მინიმუმ, გაზაფხულის დადგომამდე დევნილთა გასახლება უნდა შეჩერებულიყო, რადგან ზამთრის მძიმე პირობებში მათი საარსებო მინიმუმის გარეშე დატოვება გაუმართლებელია.
ოპოზიციონერი დეპუტატი ხელისუფლების დაპირებას ფოცხო-ეწერში დევნილებისთვის მისაღები პირობების შექმნასთან დაკავშირებით ბლეფად მიიჩნევს.