ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომაროს, მამუკა მდინარაძის განცახდებით, გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა იყო მის პატრონებთან გადახდილი ერთგვარი ხარკი.
„საკვანძო მომენტი იყო 20 ივნისი, როდესაც პოლიცია პარლამენტის წინ ისეთ ადგილას განალაგა, რომ აგრესიულ მომიტინგეებთან დაპირისპირება იყო გარდაუვალი, რასაც რეზინის ტყვიების გამოყენებაც მოაყოლა. გახარიას მთავარი დავალება აქაც პოლიციის და ხელისუფლების დისკრედიტაცია იყო, რაც იმ ეტაპზე წარმატებით შეასრულა.
ცხადია, ჩნდება კითხვა, თუ ამ ყველაფერს ერთი კაცი აშავებდა, თუ ასე აზიანებდა სახელმწიფოს, როგორ მოხდა რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ის [გახარია] პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? ალბათ, გაგიჩნდებოდათ ეს კითხვა. პასუხი არ არის მარტივი, თუმცა ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად.
თუმცა, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქართული ოცნების გუნდისათვის, რადგან გახარია ჩამოშორდა მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრობას. სისტემას, რომელიც ქვეყნის სახე უნდა იყოს, ის კი ზემოთჩამოთვლილი, გამიზნული პროვოკაციებით რეპუტაციულად მიზანმიმართულად ანგრევდა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი ძალები უჭერდნენ მხარს გახარიას, არათუ მაშინ, ჩვენი გუნდი დღესაც უწევს ანგარიშს ამ ძალებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფრის მიუხედავად, მათთან ღრმა კონფლიქტში არ შევიდეთ“, - განაცხადა მდინარაძემ.