საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს იმით, რომ გაიწვიონ კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„26 ოქტომბერს სამ მილიონზე მეტი ქართველი ხმას მისცემს ახალი პარლამენტის ასარჩევად. ეს არჩევნები არის გადამწყვეტი საქართველოს ევროპული გზისთვის. ეს ასევე იქნება კრიტიკული გამოცდა საქართველოს დემოკრატიისთვის. დეკემბერში, როდესაც საქართველოს მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ეს იქნებოდა ძლიერი ბიძგი საქართველოს მთავრობისთვის, რათა მათ გაეტარებინა მნიშვნელოვანი რეფორმები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად. ამის ნაცვლად, ბოლო თვეებში მთავრობამ წარადგინა კანონები, რომლებმაც დააშორეს ქვეყანა ამ მიზანს. „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ მასობრივი პროტესტის მიუხედავად, ხელახლა ინიცირება მოხდა და შემდეგ ეს კანონი მიიღეს. სხვა წინადადებები, რომლებიც Lgbtq თემის დისკრიმინაციას და ამ ჯგუფის სტიგმატიზაციას ახდენს და ასევე ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, ასევე წინ წაწიეს. ამავე დროს, ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა გაიზარდა და უფრო ხმამაღალი გახდა. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტს, რომელიც ხმამაღლა საუბრობდა საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და გამოდიოდა მოწოდებით, რომ ევროკავშირს საპასუხო ნაბიჯები გადაედგა საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო, ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და რიტორიკაზე“, – განაცხადა ევროდეპუტატმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა სათანადო ზომებით უპასუხა ევროპარლამენტის მოწოდებებს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.
„პოლიტიკური კონტაქტები შემცირდა. ევროკავშირის მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს, დაპაუზებულია და მხარდაჭერის პორტფელის გადახედვა ხდება. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, შეცვალონ აღებული გეზი და ჩვენ გავზარდეთ კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან. ბევრმა თქვენგანმა ანალოგიური კურსი გაიმეორა. ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ზომები შეიძლება უკან იყოს წაღებული ან გაწვეული და გამოსავალი არის მარტივი, თუ იარსებებს პოლიტიკური ნება. საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს იმით, რომ გაიწვიონ კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. კერძოდ, ის კანონები, რომლებიც ზღუდავენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. ჩვენ ასევე გავიგონეთ ყალბი ბრალდებები და დეზინფორმაცია ევროკავშირის და მისი ღირებულებების შესახებ, რომელსაც ავრცელებენ მმართველი პარტიის ოფიციალური პირები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის წევრები. ამ ბრალდების მიხედვით, დასავლეთი და ევროკავშირი ცდილობენ მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში ან სურთ საქართველოს უკრაინიზაცია, ეს მიუღებელია, ცრუ და ჩვენი ურთიერთობებისთვის დამაზიანებელი. ეს ნარატივები სარგებელს მხოლოდ რუსეთს აძლევს და მის პროპაგანდას. ევროკავშირი განაგრძობს ასეთი ცრუ ნარატივების გამოვლენას და ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე პასუხის გაცემას“, – განაცხადა ევროდეპუტატმა.
მისი თქმით, საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები იქნება ძლიერი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის.
„საარჩევნო კამპანია უკვე დაზიანდა მმართველი პარტიის განცხადებებით და ქმედებებით; მათ შორის ოპოზიციური პარტიების გაუქმების შესახებ დაპირებით და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვის ძალისხმევით. ასეთი ტაქტიკა ჰგავს ავტორიტარული რეჟიმების ქცევას. ეს ზომები თუ ამოქმედდა, ეს მკაფიოდ მოვა წინააღმდეგობაში საქართველოს გაცხადებულ მიზანთან, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება და წინააღმდეგობაში იქნება იმ პრინციპებთან და ღირებულებებთან, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირის წევრობა. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნები იქნება მშვიდობიანი, თავისუფალი და სამართლიანი და რეალურად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ნებას“, – განაცხადა ევროდეპუტატმა.
ვერა იუროვას თქმით, ევროკავშირის კარი რჩება ღია, მაგრამ საქართველოს მთავრობა ხელახლა უნდა მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირის ღირებულებებთან და ნორმებთან და კვლავ გამოუცხადოს ერთგულება საქართველოს ევროპულ გეზს.
„ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ და ვიმუშაოთ ყველა ქართველთან მათ გზაზე ევროკავშირის წევრობისკენ“, – განაცხადა ვერა იუროვამ.{პირველი არხი}