2024 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.1 მლნ აშშ დოლარით (11%-ით) გაიზარდა და 53.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული რაოდენობა მოიცავს მიმდინარე წლის თხილის მოსავალსაც. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებული მიმდინარე წლის თხილის მოსავლის ღირებულება 19.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტია.
აღნიშნულ პერიოდში ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში - ესპანეთში (9.7 მლნ აშშ დოლარი), იტალიაში (5.4 მლნ აშშ დოლარი), გერმანიაში (3.8 მლნ აშშ დოლარი), საფრანგეთში (3.2 მლნ აშშ დოლარი), პოლონეთში (2.7 მლნ აშშ დოლარი).
მიმდინარე წელს ექსპორტირებული თხილის 89%-ს გარჩეული თხილი (თხილის გული) შეადგენს და მისი საექსპორტო ფასი დაახლოებით 130%-ით მეტია გაურჩეველი თხილის საექსპორტო ფასზე. გადამუშავებული თხილის ექსპორტის ზრდა მიუთითებს არა მხოლოდ პროდუქციის ხარისხის ზრდაზე, არამედ ეკონომიკურ სარგებელზე, რაც გულისხმობს სამუშაო ძალის დასაქმების შესაძლებლობას და შემოსავლებს, რომელიც პირველადი პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიიღება.
აღსანიშნავია, რომ თხილის წარმოების და ექსპორტის ზრდა სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების პირდაპირი შედეგია.
ორი წელია ხორციელდება თხილის მწარმოებელი ფერმერების მხარდამჭერი პროგრამა. მეთხილე ფერმერები, რომლებსაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა, სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას იღებენ. პროგრამით, მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 95 ათასამდე ფერმერმა ისარგებლა და, დაახლოებით, 21,5 მლნ ლარზე მეტი მიზნობრივი დახმარება მიიღო. თხილის კადასტრში დღეისათვის რეგისტრირებულია 45.000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი. ბაღებში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. მიმდინარე წელს თერმული ნისლით დამუშავებულია 213 750 ჰა ფართობი, ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეიწამლა 107 601 ჰა ფართობი, განთავსდა 7019 ერთეული ფერომონიანი დამჭერი და 153 584 ერთეული „მოიზიდე და გაანადგურე“ ფერომონი.