მოძრაობა "სოლიდარნოსტ"-ის ლიდერს ბორის ნემცოვს და კოალიცია "დრუგაია როსია"-ს თავმჯდომარეს ედუარდ ლიმონოვს დღეს საღამოს გაათავისუფლებენ. მოსკოვის იზოლატორში მათ 15 დღე-ღამე გაატარეს.
ლიმონოვმა მოსკოვის დროით, სიმფეროპოლსკი ბულვარზე მდებარე იზოლატორი 17:50 საათზე უნდა დატოვოს, ნემცოვმა კი 19:10 საათზე.
"სპეციალურად განთავისუფლებისათვის არაფრის მოფიქრებას არ ვაპირებთ. ან ადგილზე მოვიფიქრებთ რამეს", _ აცხადებს კოალიცია "დრუგაია როსია"-ს წარმომადგენელი ალექსანდრე ავერინი.
შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს ტრიუმფალურ მოედანზე კონსტიტუციის 31-ე მუხლის (შეკრების თავისუფლება) დამცველი სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობდა. მიტინგი მოსკოვის ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული, თუმცა მიუხედავად ამისა მილიციამ იქ რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა, მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერები: ბორის ნემცოვი, ილია იაშინი და კონსტანტინე კოსიაგინი, რომლებსაც მოგვიანებით სასამართლომ იზოლატორში დაკავება მიუსაჯა.
ოპოზიციონერი ედუარდ ლიმონოვი კი იმავე ადგილზე 31 დეკემბერს თავისი მიტინგის ჩატარებას აპირებდა. ამ მიტინგზე კი მოსკოვის მთავრობის თანხმობა არ არსებობდა. ლიმონოვი 31 დეკემბერს საკუთარი სახლიდან გამოსვლისთანავე დააკავეს. სასამართლომ ლიმონოვი წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ აღიარა. მასთან ერთად დააკავეს მისი მომხრე კირილ მანულინი.
იაშინი, კოსიაგინი და მანულინი უკვე განთავისუფლდნენ.