რუსეთის შესაძლო აგრესიის შემთხვევისთვის არანაირი გეგმა არ არსებობს, რადგან საქართველო არ არის უკრაინა, საქართველოს არ აქვს სამხედრო ძალა და ეს იქნება კიდევ ერთი კრიზისი დასავლეთისთვის, ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე დისკუსიისას მოდერატორის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, მშვიდობა არსებობს მაშინ, როდესაც ის არის სამართლიანი, მოსახლეობას აქვს თავისუფლება და ქვეყნებს აქვთ დამოუკიდებლობა.
„ეს არჩევნები კი ჩვენი დასაცავია. ჩვენ უნდა დავიცვათ ეს არჩევნები მშვიდობიანად და გამოვხატოთ ჩვენი ნება. ქართველი ხალხის მობილიზაცია არჩევნებზე არის დღეს პასუხი. ნებისმიერ ფასად მშვიდობა არ არსებობს. მათ, ვინც ვიცით ისტორია, ასეთი რამ არ არსებობს. მშვიდობა არსებობს მაშინ, როდესაც ის არის სამართლიანი, როდესაც მოსახლეობას აქვს თავისუფლება და ქვეყნებს აქვთ დამოუკიდებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა დაისადგურებს. ეს მოხდება იმ დღეს, როდესაც რუსეთი გააცნობიერებს, რომ მას ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, აქვს საზღვრები, პატივისცემით უნდა მოეკიდოს, უნდა იცოდეს, სად გადის მისი საზღვრები. რუსეთმა უნდა სცეს პატივი საზღვრებს და მეზობლებს, მიიღოს ის, რომ საკუთარ საზღვრებში უნდა დარჩეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაისადგურებს გრძელვადიანი მშვიდობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო უფრო მედეგია რუსეთის პროპაგანდის მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნები.
„მე არ ვფიქრობ, რომ გარედან არის შესაძლებელი ხალხის შიდა დაცვის გაძლიერება. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ისტორია და გამოცდილება რუსეთთან მიმართებით, ჩვენ უფრო მედეგები ვართ რუსეთის პროპაგანდის მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნები, რადგანაც ჩვენ ეს გამოვიარეთ. ხალხი ძალიან კარგად ხვდება რაც ხდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.[პირველი არხი]