ოთხი ჯიხვის დახოცვის გამო ბრაკონიერები დააკავეს
გარემოს დაცვისა და ბუნებივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და მოსახლეობას საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი კავკასიური სახეობის ოთხი ჯიხვის დახოცვისა და ბრაკონიერების დაკავების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
"რაც ჯიხვების ფაქტთან დაკავშირებით ხდება, არანაირ წესებში არ არის მოქცეული და უხეში კანონდარღვევაა. ბრაკონიერობა არის არასამართლებრივი ქმედება და კანონით ისჯება. ეს არის ვანდალიზმი და სრული უპასუხისმგებლობა ჩვნი მომავლის მიმართ", _ აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.
მინისტრის თქმით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ უკანონო ნადირობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულია ონის რაიონის სოფელ გლოლაში მცხოვრები იასონ ბიძიაშვილი, რომელმაც გოჩა ბიჭაშვილთან, თამაზ ბიჭაშვილსა და ნესტორ გავაშელთან ერთად მცირეკალიბრიანი ხრახნლულიანი "გეკოს" ტიპის შაშხანითა და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით კავკასიონის ქედზე უკანონოდ დახოცეს გადაშენების საფრთხის წინაშეE მყოფი ოთხი დასავლეთ კავკასიური სახეობის ჯიხვი. ამით გარემოსთვის მიყენებულმა ზარალმა 260 000 ლარი შეადგინა. ბრაკონიერებს ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ამასთან, ბრიფინგზე ვიდეომასალაც წარადგინეს, რომელიც, სავარაუდოდ, თავად ბრაკონიერებმა გადაიღეს. ეს მასალა სოციალურ ქსელ "Youtube"-ზე გავრცელდა. გარემის დაცვის სამინისტრომ სწორედ ამ მასალაზე დაყრდნობით დაიწყო მომხდარის გამოძიება. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ამოიღეს კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხრახნლულიანი მცირეკალიბრიანი შაშხანა "გეკო", თავისივე ვაზნებით, ექვსი ერთEული დასავლეთ კავკასიური ჯიხვის რქა და დათვის ტყავი.
გოგა ხაჩიძის თქმით, სამინისტრო ნადირობასა და თევზაობას არავის უშლის. თუმცა ეს სწორად დადგენილი წესებით უნდა განხორციელდეს. ამასთან, სამინისტრო მზადაა, განიხილოს ნებისმიერი ახალი წინადადება, რაც თანამედროვე გარემოსდაცვით პრინციპებზე იქნება დაფუძნებული.