სწორედ კახეთიდან ჩანს, რამდენად მოსაფრთხილებელი ქვეყანა გვაქვს, მაგრამ ამ ქვეყანას არ უფრთხილდებიან, ორი დღის წინ ამ მხარეს ოცნების ელიტამ ტყუილები აკადრა, ივანიშვილის გუნდი ერთადერთი წინაღობაა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და მჯერა, 26 ოქტომბერს სწორედ ევროპულ კეთილდღეობას მივცემთ ხმას - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ ნაფარეულში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
"მე უნდა გესაუბროთ ევროკავშირზე და იმ სიკეთეებზე, რომელსაც ის საქართველოს მოუტანს, მაგრამ მანამდე მინდა რამდენიმე სიტყვა კახეთზე ვთქვა, რომელიც ძალიან მიყვარს და განსაკუთრებით ლამაზი და მრავალფეროვანია ამ დროს, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად უნიკალური და მოსაფრთხილებელი ქვეყანა გვაქვს და, სამწუხაროდ, ამ ქვეყანას არ უფრთხილდებიან - ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, თქვენთან იყვნენ ჩამოსული ქართული ოცნების ელიტიდან და საოცარი რაღაცები თქვეს, რომ თითქოს აღა-მაჰმად ხანს არ უკეთებია კახეთში ისეთი რაღაცები, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთაო:
აღა-მაჰმად ხანს კახეთში საერთოდ არ ულაშქრია, ეტყობა მას შაჰ-აბას პირველში აერია, მაგრამ ერთი დეტალიცაა, როცა იხსენებენ აღა-მაჰმად ხანის ლაშქრობას თბილისზე, ის ლაშქრობა რუსეთის მიერ იყო ხელშეწყობილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ უხსენებიათ. რუსები მაშინ ჩრდილოეთ კავკასიაში მანევრირებდნენ და ნაბიჯი არ გადმოუდგამთ ერეკლე მეორის დასახმარებლად, პირიქით, აღა-მაჰმად ხანს აგულიანებდნენ, რომ მერე უფრო ადვილად დაემორჩილებინათ მის მიერ აწიოკებული ქართლი და თბილისი.
კახელებმა ძალიან კარგად იცით, რომ თუ რამე გაკეთებულა რეგიონში, სწორედ იმ პერიოდში, იმ 9 წელიწადში გაკეთდა: ყველა ის შატო, რითაც თავს ვიწონებთ ტურისტებთან, ყველა იოს მარანი და სამარნე მეურნეობები, რომლებიც დღეს ასე მრავლადაა; არასდროს ქართულ ღვინოს ისეთი ფასი და დაფასება არ ჰქონია, როგორც მაშინ; ქვევრის ღვინო, რომელსაც აქვს გამოკვეთილად ქართული ნიშა, მაშინ იყო წახალისებული, რომ არაფერი ვთქვა აშენებულ სიღნაღზე და იმაზე, რომ თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა აიშენა ყვარელში კარ-მიდამო, ნახევარი მსოფლიოს ლიდერები ჩამოიყვანა და ღვინოს აწურვინებდა.
მე მაშინ უცხოეთში ვცხოვრობდი და როცა ვუყურებდი, მიკვირდა, რანაირად მოახერხა, რომ ეს ხალხი ყვარელში ჩაეყვანა და საწნახელში ჩაეყენებინა. აი, ასეთი ტყუილები გვაკადრეს რამდენიმე დღის წინ, აკადრეს კახეთს, მანამდე ქართლში გვაკადრეს კიდევ უფრო უარესი, რომ თურმე ჩვენ ბოდიში გვაქვს ოკუპანტებთან, იმ ადამიანებთან, ვინც ქართველებს გენოციდი მოუწყო რუსეთის შუამავლობით დადებული სამშვიდობო შეთანხმების ფონზე და ეს ხდება 27 სექტემბრის, სოხუმის დაცემის თარიღთან ძალიან ახლოს. არა, ჩვენ ბოდიში არავისთან არ გვაქვს მოსახდელი, რადგან საერთაშორისო რეზოლუციებმა, საერთაშორისო სასამართლოებმა ჩვენ გაგვამართლა.
მე გამოუსწორებელი ევროპეისტი ვარ, ეს ჩემი ცხოვრების მიზანია, რატომ გვინდა ჩვენ ევროკავშირი? ევროკავშირი არის, პირველ რიგში, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა: აი დღეს დავდიოდით კამპანიის ფარგლებში კახეთის სოფლებში, რამდენიმე სოფელში ვნახეთ ადამიანები, რომლებსაც წვდომა არა აქვთ ჯანდაცვაზე, მათთვის, უბრალოდ, ექიმი არ არსებობს, მათ ეშინიათ ავად გახდომის. ევროკავშირში ადამიანებს ავად გახდომის არ ეშინიათ, იმიტომ რომ ჯანდაცვა მათთვის ხელმისაწვდომია. ევროკავშირი არის სოციალური დაცულობა და ისეთი სოციალური დაცულობა, როგორიც ევროკავშირშია, ვერ მოიძებნება ვერსად მსოფლიოში.
ევროკავშირი არის უკეთესი განათლება. ჩვენ ყველას გვინდა ჩვენი შვილებისთვის უკეთესი განათლება, ისიც კი გვინდა, რომ ჩვენი შვილები სხვაგან კი არ მიდიოდნენ სასწავლებლად, აქ იღებდნენ შესაბამის განათლებას, მაგრამ მანამდე გვინდა, რომ ისინი სარგებლობდნენ იმ სასწავლო პროგრამებით, რითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ან გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნები, ჩვენ კი ევროკავშირი გაწევრიანების პროცესი შეჩერებული გვაქვს და ამის მიზეზი არის ქართული ოცნება, ამას ამბობს თვითონ ევროკავშირი.
ევროკავშირი არის სუბსიდირებული სოფლის მეურნეობა. იქ არის რამდენიმე დიდი ფონდი და არსებობს რამდენიმე დიდი პოლიტიკა, ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკა არის ევროკავშირის საერთო აგრარული პოლიტიკა, რომელსაც მხარს უჭერს ორი დიდი ფონდი. ერთი არის სოფლის მეურნეობის განვითარების, მეორე კი გარანტიების ფონდი. რა არის გარანტიების ფონდი: ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ სოფლის მეურნეობა, მოსავალი, მეტწილად, დამოკიდებულია ამინდზე: როგორი დარი იქნება, სეტყვა მოვა თუ არა, წყალი არის თუ არა, ხან მზე არ არის ან პირიქით, ჭარბადაა და ა.შ. ანუ, ამინდზეა დამოკიდებული სოფლის მეურნეობა. აი, გარანტიების ფონდი აკეთებს ზუსტად ამის გადაზღვევას, ანუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, ნებისმიერი ფერმერის შრომა, მიუხედავად იმისა, ამინდი არ შეუწყობს ხელს, მოსავალი არ იქნება თუ სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები ექნება, ის სწორედ ამ ფონდიდან მიიღებს იმ კომპენსაციას, რომელიც მას ეკუთვნის. არ არსებობს იმის ვარიანტი, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ნებისმიერი ფერმერი, იმის გამო, რომ რაიმე მიზეზით მოსავალი არ ჰქონდა, აღმოჩნდეს სიღარიბეში.
ევროკავშირი ებრძვის სიღარიბეს, ევროკავშირი არის 500 მილიონიანი, ყველაზე მაღალი კეთილდღეობის სივრცე. სოფლის მეურნეობის ეს ორი ფონდი ზუსტად ამას ემსახურება. რატომ აქვთ საერთო აგრარული პოლიტიკა? იმიტომ რომ არცერთი წევრი სახელმწიფოს არცერთი ფერმერი, შემთხვევით არ დარჩეს დაუცველი. არ გვინდა, რომ ამ სივრცის ნაწილი ვიყოთ? მგონი ყველას გვინდა, რადგან ამის შემდეგ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაიყიდება ევროპულ ბაზარზე, რომელიც გაცილებით უფრო მდიდარი ბაზარია, ვიდრე რომელიმე სხვა ბაზარი მსოფლიოში.
თუ კახელი გლეხი დღეს ყიდის მაღალი ხარისხის ღვინოს ან სხვა პროდუქტს რომელიმე ბაზარზე, ევროპის ბაზარზე მისი ფასი ბევრად უფრო მაღალი იქნება. ამას გარდა, ევროკავშირი არის უსაფრთხოების სივრცე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის იმ ნაწილში, სადაც ეს ინტეგრაციის პროცესი დაიწყო, კონფლიქტი არ ყოფილა, მაშინ როცა ყველგან სხვაგან, სადაც არ არის ევროპის გაერთიანების ეს პროექტი, ყოფილა კონფლიქტი და დაძაბულობა და ამის გადამოწმება ადვილია.
ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავხდეთ იმ სივრცის ნაწილი, სადაც არის კეთილდღეობა, ადაც დაცულია ჩვენი უსაფრთხოება, სადაც ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს, ეროვნულ თვითმყოფადობას. ყოველთვის მომაქვს ერთი მაგალითი: მე დიდხანს ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და ათონის მთაზე, სადაც ქართველებს ოდესღაც მონასტერი გვქონდა და ახლაც 20 მონასტერია, მოგეხსენებათ, მონასტრული მმართველობაა და დაცულია ევროკავშირის ბოლო, ლისაბონის ხელშეკრულებით, რაც, ფაქტობრივად, ევროკავშირის კონსტიტუციას წარმოადგენს.
იმ 20 მონასტერს რეაბილიტაციას, სარემონტო სამუშაოებს უკეთებენ ევროკავშირის ის ფონდები, რომლებიც ზრუნავენ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე და ეს თანხა არის თითოეული მონასტრისთვის მილიონობით ევრო, რაც წერია ამ მონასტრების წინ გამოკრულ აბრებზე. ეს არის ევროკავშირი.
აი, დავდივართ კახეთის სოფლებში და ვხედავთ ხან ერთ, ხან მეორე ეკლესიას, ხშირად მიტოვებულს, ხშირად - გავერანებულს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რა უქნეს გელათს, რომელიც ჩვენი სახელმწიფოსთვის პოლიტიკურად, ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ის აიგო მეორე იერუსალიმად, გაუძლო მონღოლებს, ოსმალებს, სპარსებს, რუსებს და ქართული ოცნების ხელში იქ ფრესკები იშლება. იგივე მდგომარეობაა კახეთში და ის ადამიანები, რომლებიც ხელს გვიშლიან ევროკავშირში გაწევრიანებაში, რომლებიც გვიშლიან ხელს რომ მივიღოთ ყველა ის სიკეთეები, წარმოადგენენ ერთადერთ წინაღობას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე და ისინი ამოფარებული არიან ისეთ მგრძნობიარე თემებს, როგორიცაა ჩვენი აღმსარებლობა, ჩვენი თვითმყოფადობა, არადა, ჩვენ ვართ, მეგობრებო, ის ადამიანები, ევროკავშირია ის სივრცე, სადაც ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, ჩვენი ტრადიციები ყველაზე მეტად იქნება დაცული, რადგან 27 ქვეყანაა ევროკავშირის წევრი და ნახეთ, როგორაა დაცული თითოეული ქვეყნის ტრადიცია.
მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს თქვენ ყველანი იქნებით საარჩევნო უბნებთან და ყველანი ხმას მისცემთ კეთილდღეობას, ევროკავშირში გაწევრიანებას, უსაფრთხოებას, თქვენი ოჯახების გამდიდრებას, ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, სოციალურ დაცულობას, უმუშევრობის, სიღატაკის დაძლევას და გამოვიყვანთ ქვეყანას იმ საერთაშორისო იზოლაციიდან, რომელშიც ქართულმა ოცნებამ ჩვენ ყველანი მოგვაქცია", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გია ჯაფარიძემ ნაფარეულში.