„გაერთიანებულ ტელეკომში" აცხადებენ, რომ „კავკასუს ონლაინი" კვლავ არ ასრულებს ფინანსურ ვალდებულებებს და ამჟამად, დავალიანება შეადგენს 233 ათას ლარს, რომელიც 20 ნოემბერს უნდა დაეფარა პროვაიდერს.
თუ აღნიშნული თანხა ხვალამდე არ იქნა დაფარული, „გაერთიანებული ტელეკომი" იტოვებს უფლებას მოითხოვოს ბანკისგან საბანკო გარანტია, რომელიც წარმოადგენს ვალის უზრუნველყოფის საფუძველს.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის ნოემბრში ხელი მოეწერა ორმხრივ ხელშეკრულებებს „გაერთიანებულ ტელეკომსა" და „კავკასუს ონლაინს" შორის. კერძოდ „ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვებისა" და „სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან და თანალოკაციის ფართთან დაშვების" შესახებ ხელშეკრულებებს, რითაც გარდა ტექნიკური და იურიდიული საკითხებისა, რეგულირდება ფინანსური ვალდებულებების შესრულებაც.
ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, „გაერთიანებული ტელეკომი" უფლებამოსილია საბანკო გარანტია გაანაღდოს მთლიანად, საბანკო ლიმიტის გათვალისწინებით თუ „კავკასუს ონლაინი" საერთოდ არ განახორციელებს მიღებულ მომსახურებაზე დარიცხული საფასურის გადახდას ან არასრულად მოახდენს ანგარიშსწორებას.