ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა.
სააგენტოს ცნობით, ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს და პრეზენტაციას 300 მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ. ქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა დაესწრო.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 15-მდე ქართული ღვინის მწარმოებლის 40 სხვადასხვა დასახელების ღვინო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინისა და კორეული სამზარეულოს შეხამების მასტერკლასი.
ქართული ღვინის წარდგენა სეულში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით გაიმართა. „Wine21.com” კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ. კომპანია ასევე ახორციელებს PR და მარკეტინგულ საქმიანობას.
აზიის რეგიონში კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. კორეის რესპუბლიკაში მსგავსი ფორმატის ღონისძიება მესამედ ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა ,,Seoul International Wine and Spirits Expo“ და "Daejeon International Wine Festival".