ბელორუსი პოლონეთსა და გერმანიას პრეზიდენტ ლუკაშენკოს მმართველობის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.
როგორც ბელორუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური გაზეთი "სოვეტსკაია ბელორუსია" დღევანდელ ნომერში წერს, "პრეზიდენტის დამხობის გეგმა გერმანიის და პოლონეთის საიდუმლო სამსახურებმა შეიმუშავეს".
"ამისთვის პოლონეთმა ოპოზიციის აქტივისტები გაწვრთნა", - ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულის კონტექსტში მინსკში, გასული წლის დეკემბერში განვითარებულ მოვლენებში უშუალოდ ევროკავშირის ეს ორი წევრი ქვეყანაა დადანაშაულებული.
ამასთან, გაზეთის ცნობით, ლუკაშენკოს კანონიერი გზით არჩეული ხელისუფლების დასამხობად ბელორუსიში "ორგანიზატორები, ტექნოლოგია და ფული გაიგზავნა".
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც დეკემბერში გაიმართა, მინსკი აქციებმა მოიცვა. დემონსტრაციების დარბევის დროს ასობით აქტივისტი დააპატიმრეს, რომელთა შორის პრეზიდენტობის კანდიდატებიც იყვნენ.