რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ, ადგნენ და თქვან, დავასანქცირეთ ეს და ეს 60 ადამიანი. უკვე არ შეიძლება, რომ ამხელა ქვეყნის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურების ქმედებები სასაცილო იყოს. უხერხულია, - ასე ეხმაურება ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ დამატებით სავიზო შეზღუდვებსა და ფინანსურ სანქციებს.
„დღეს სანქციები ვნახეთ, 60-მდე პირს, ჯერ 30-მდე პირს... როგორც ჩანს არაფორმალური გავლენები იმდენად მძლავრია, მათ შორის ამერიკაში, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რომ ამ გავლენების შესაბამისად კიდევ ერთხელ დაგვასანქცირეს, ოღონდ არ გვეუბნებიან ვინ, ამ შემთხვევაში ფინანსური სანქციები დააწესეს რამდენიმე პირზე, გაურიეს, ერთმანეთში არიეს მათ შორის, ალტ-ინფოს წარმომადგენლები და პოლიციის მაღალჩინოსნები. ეს არის პოლიციის შეურაცხყოფა, ერთი მხრივ, ინსტიტუტის შეურაცხყოფა, მეორე მხრივ და მესამე მხრივ, არის ქართველი ხალხის არჩევანზე და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა და ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა. არაფორმალური გავლენები, კიდევ ერთხელ - ხაზგასმით ვიმეორებ ამას.
რა შეიცვალა იმის მერე, რაც თქვეს, რომ 30 ადამიანი დაასანქცირეს? ერთადერთი რამე შეიცვალა, არჩევნები მოახლოვდა. სხვა რა შეიცვალა და არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ კიდევ ველოდებით მსგავს, შეიძლება კიდევ უფრო მძაფრ სხვადასხვა რეაქციას განცხადებების სახით. ხომ ვთქვი რამდენიმე დღის წინ, რომ დიახ, კიდევ იქნება გარედან მაშველი რგოლები, რომელიც იქნება ხავსი ოპოზიციისთვის. რატომ ხავსი? იმიტომ რომ არ უშველით, ისინი ქართველ ხალხს ვერ ელაპარაკებიან, ისინი ელაპარაკებიან უცხოელების გავლით.
რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ, რაღაცა აგვიხსნან, გვითხრან. ერთხელ დაგვასანქცირეს, კიდევ დაგვასანქცირეს, ცნობილი სკეტჩი - ერთხელ არ დაგიჭირე, მეორედ არ დაგიჭირე... გახსოვთ ხომ? ჩანტლაძის ცნობილი ე.წ. სკეტჩის არ იყოს, რა ვიცი, რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ, ადგნენ და თქვან, დავასანქცირეთ ეს და ეს 60 ადამიანი. უკვე არ შეიძლება, რომ ამხელა ქვეყნის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურების ქმედებები სასაცილო იყოს. უხერხულია, ძალიან უხერხულია. ეს ჩვენ ზიანს ვეღარ გვაყენებს, გაცვდა ეს მოქმედებები, ზიანს აყენებს აშშ-ს რეპუტაციას საქართველოში და ძალით რატომ აკეთებენ ამას. რას ეხვეწებიან აქედან ისეთს, რომ ვერაფერს ვაკეთებთო ჩვენი ოპოზიცია, აგენტურა იხვეწება და იქნება ახლა დაასანქციროთ, შემდეგ ორ კვირაში კიდევ... ვწუხვარ ამის თქმა, რომ მიწევს - ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი სასაცილო გადაწყვეტილებები აზიანებს თავად სანქციის დამწესებელს და აღქმებს მასთან დაკავშირებულს საქართველოში. და ასეთი განცხადებები და ასე მოქმედებები, ჩარევის ასეთი პრეცედენტები თუ კიდევ იქნება და ალბათ იქნება კიდევ უფრო მძაფრი, ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს, ოპოზიციისთვის ხავსი იქნება, გახავსდა უკვე, არანაირი მაშველი რგოლი ეს აღარ არის და ცოტა სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ასეთ რაღაცებს“, - განაცხადა მდინარაძემ.