ეს არის მკაფიო გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პირადად ივანიშვილის მიმართ, რომ თავისუფლებისმოყვარე, ევროპული მისწრაფებების მქონე ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა ისჯება საქართველოს მეგობრების მხრიდან და ისჯება მკაცრად, მათ შორის ფინანსური აქტივების გაყინვით, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.
„დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ფინანსური სანქციები დააკისრა ქართული ოცნების ორ მაღალჩინოსანს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც ხარება და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს.
საზოგადოებას კარგად ახსოვს ხარებად ცნობილი ზვიად ხარაზიშვილის სისასტიკე რუსული კანონის აქციების დარბევისას, პირადად მისი მონაწილეობით და დავალებით სპეცრაზმელები
უმოწყალოდ უსწორდებოდნენ სამოქალაქო აქტივისტებს, მოქალაქეებს და პოლიტიკურ ლიდერებს.
სწორედ ზვიად ხარაზიშვილი მონაწილეობით და მისი უშუალო დავალებით გაუსწორდნენ ფიზიკურად უმძიმესი ფორმით ლევან ხაბეიშვილს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დააკისრა ასევე პრორუსული ჯგუფის ალტ-ინფოს ლიდერებს ზურაბ მახარაძეს და კონსტანტინე მორგოშიას ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის და ძალადობის წახალისებისთვის.
აღნიშნული ფინანსური სანქციები განხორციელდა ე.წ. მაგნიცკის გლობალური აქტის ფარგლებში, რომელიც თავისთავად პრეზიდენტი ტრამპის 2017 წლის აღმასრულებელ განკარგულებას ეყრდნობა.
ეს არის მკაფიო გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პირადად ივანიშვილის მიმართ, რომ თავისუფლების მოყვარე, ევროპული მისწრაფებების მქონე ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა ისჯება საქართველოს მეგობრების მხრიდან და ისჯება მკაცრად, მათ შორის ფინანსური აქტივების გაყინვით.
ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები დასავლეთშია და მასზე მსგავსი სანქციების დაწესება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის ყველაზე მძიმე შედეგი რაც შეიძლება ივანიშვილს დაუდგეს.
ეროვნული ბანკის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა არ დაექვემდებაროს ამგვარ ფინანსურ სანქციების კი სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებს მთელი ქვეყნის ფინანსური სისტემას.
ასე რომ, ივანიშვილმა ისევე უნდა გაიაზროს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ბოდიშს მტრის წინაშე არ იხდის, როგორც ის რომ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი არის ევროინტეგრაციის გზა და რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები უნდა ჩაატაროს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, არჩევნებმა უნდა აისახოს ქართველი ხალხის ნება ეს არის მისი ფინანსური აქტივების გადარჩენის ერთადერთი გზა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არჩევანს ევროპულ კეთილდღეობაზე გააკეთებს.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. მათ შორის არიან ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები, სპეცდანიშნულების დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.
ასევე სანქციები დაუწესდა პრორუსული ალტ ინფოს დამფუძნებლებს კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.