საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქრთული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა,
“გუშინ ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა. საქართველოს ჰყოლია მოღალატე ფეოდალები, ჰყოლია ორჯონიკიძეები, მაგრამ არასდროს არ ჰყოლია მოღალატე მმართველი პირველი პირი. თავისი გამოსვლით მან გაამართლა რუსეთის თავდასხმა, ადამიანების განადგურება, სოფლების მიწასთან გასწორება.
ნაცვლად იმისა, რომ მას რუსეთისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა იმ უბედურებისთვის, რაც მათ ჩვენს ქვეყანას დაატეხეს თავს, მან ქართველებს მოსთხოვა დამპყრობლისთვის ბოდიშის მოხდა. ამ სირცხვილს ჩვენ კარგა ხანს ვერ ჩამოვირეცხავთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს ამ უპატიებელ ღალატს!“, - წერს სააკაშვილი.
გუშინ, გორში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმებს“.