აგვისტოს დასაწყისში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დემოკრატ სენატორ ჯინ შაჰინსა და რესპუბლიკელ კონგრესმენ მაიკლ ტერნერს, ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი, არ შეხვდა. ამერიკელ კანონმდებლებს შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. თუმცა, "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ კობახიძესთან შეხვედრით გაწბილებულია, რადგან ვერ დაინახა საქართველოს მთავრობის მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა-საქართველოს პარტნიორული თანამშრომლობა გაგრძელდეს.
"პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ძალიან გაწბილებული დავრჩი. ამერიკის შეერთებული შტატები 30 წელზე მეტია საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს მხარს უჭერს. საქართველოს მხარს ვუჭერდით [ფინანსური] დახმარებით, ასევე ქვეყანაში არსებობს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოც. საქართველოში ვიზიტისას ერთ-ერთი რაც გავაკეთეთ, იყო გორში ვიზიტი და ვნახეთ ის ინიციატივები, რომლებიც ახალგაზრდა ადამიანებს უჭერს მხარს. ძალიან შთამბეჭდავი ახალგაზრდები ვნახეთ. ვნახეთ ის ინიციატივებიც, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ოკუპაციის გამო დაზარალებულ მეწარმეებს.
ასე რომ პრემიერ-მინისტრისგან იმის მოსმენა, რომ ურთიერთობების განახლება სურს, მაგრამ შემდეგ არ გამოხატავდეს არანაირ მზაობას ამის გასაკეთებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას [სამწუხაროა]. ერთ-ერთი, რაც ვკითხეთ [შეხვედრის დროს] იყო ის, თუ რა უნდა მოხდეს, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს, რომ დავრწმუნდეთ, რომ გავაგრძელებთ იმ პარტნიორობას, რაც ამ 30 წლის განმავლობაში გვქონდა, მან პასუხად ისაუბრა იმაზე, როგორი გაწბილებულია სამოქალაქო საზოგადოებითა და ენჯეოებით, რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულად არიან განწყობილი. მან გვითხრა, რომ ფიქრობს, რომ ეს უნდა დასრულდეს და რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს ენჯეობის მხარდაჭერა. კონგრესმენი ტერნერი ძალიან პირდაპირი იყო და მას [ირაკლი კობახიძეს] უთხრა, რომ ჩვენ დემოკრატიაში ვცხოვრობთ, რომ იმედი გვაქვს, საქართველო დემოკრატიაა. კრიტიკას მიჩვეულები ვართ, ჩვენც ხშირად გვაკრიტიკებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გავჩერდეთ, რომ წინ არ წავიდეთ და ისე არ მოვიქცეთ, როგორც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.
მაგრამ მას [ირაკლი კობახიძეს] არ ჰქონდა არანაირი პოზიტიური ინიციატივა, რომ ჩვენთვის ეთხოვა, ან ჩვენთვის შეეტყობინებინა, რომ ისინი მართლაც დაინტერესებულები არიან ჩვენთან იმ პარტნიორობის გაგრძელებით, რაც გვქონდა," - განაცხადა ჯინ შაჰინმა.
სენატორს ჰკითხვა ირაკლი კობახიძის ნათქვამთან დაკავშირებით, რომ მას არასდროს უთხოვია შაჰინისთვის, შეეწყვიტათ სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილის დაფინანსება, რომელიც მთავრობას აკრიტიკებს. მან ასევე თქვა, რომ მასთან “უცხოეთის აგენტების” შესახებაც არ უსაუბრიათ.
"მე ამ შეხვედრაზე მარტო არ ვყოფილვარ, სხვა უამრავი ადამიანიც იყო იქ, ვისაც შეუძლია იმის დადასტურება, რასაც [პრემიერი] ამბობდა, მათ შორის კონგრესმენი ტერნერიც. კიდევ ერთხელ, ეს ძალიან სამწუხაროა. ვფიქრობ, ის ვარაუდობს, რომ რადგან მთავრობის ხელმძღვანელია, თუ გააგრძელებს ტყუილების თქმას, ის უბრალოდ მეტ ტყუილს იტყვის და ხალხი ამას დაიჯერებს. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ არ არის სანდო. თქვენ მკითხეთ "უცხოეთის აგენტების" კანონის შესახებ, მე და პრემიერ-მინისტრს ამ ვიზიტის დროს, ამ კანონზე არ გვისაუბრია. როდესაც პირველად მოხდა ამ კანონის წარდგენა ჩვენ მას შევეწინააღმდეგეთ და საქართველოში ჩემი ყოფნის დროს, მე ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით. მე მქონდა შანსი მესაუბრა პრემიერ-მინისტრთან იქამდე, სანამ ის პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, იმაზე, რომ ვეწინააღმდეგებოდით ამ კანონს. ამის ჩანაწერიც არსებობს. ასე რომ [ამ ჯერზე] სხვა თემები განვიხილეთ." - აღნიშნა სენატორმა.
სენატორმა ბიძინა ივანიშვილთან არშემდგარი შეხვედრის შესახებაც ისაუბრა:
"ძალიან სამწუხაროა. მიზეზი არ უთქვამთ რატომ არ აპირებდა ჩვენთან შეხვედრას. უბრალოდ, თქვეს, რომ ვერ შეგვხვდებოდა. მაგრამ ნათელია, რომ ის არაა დაინტერესებული არავინ ისეთთან საუბრით, ვინც ეჭვქვეშ დააყენებს მის ვარაუდებს, ან იმას, რასაც ის ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ ამბობს. ასე რომ ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენ წინ ვერ წავალთ, ვერ მოვნახავთ გზებს საქართველოს მხარდასაჭერად, თუ მის ხელმძღვანელობას, მთავრობას არ ექნება მზაობა, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს." - განაცხადა შაჰინმა.
26 ოქტომბერთან დაკავშირებით შაჰინმა თქვა:
"ვფიქრობ, ეს არის რეალური შეშფოთების მიზეზი. არჩევნებზე დამკვირვებელი რამდენიმე ჯგუფისგან მოვისმინეთ, რომ მათ ძალიან აწუხებთ ის, იქნება თუ არა ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი. ეს იყო საკითხი, რომელიც დავაყენეთ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელთან, რომელსაც შევხვდით- პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრეზიდენტთან.
პრემიერ-მინისტრმა გვითხრა, რომ ისინი მოწოდებულები არიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის. იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. ვიცი, რომ საქართველოს რთული გეოგრაფიული მდებარეობას აქვს და მე ამას პატივს ვცემ. ასევე პატივს ვცემ იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანას რუსეთის მიერ მიწის 20%-ის ოკუპირების გამო უდგას. მაგრამ არ მესმის ნებელობა იმისა, რომ გაჰყვნენ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის დიქტატურის ნაბიჯებს.
ეს არ არის ქართველი ხალხის პოზიცია. საქართველოს მოსახლეობისგან მოვისმინეთ, რომ მათ ევროკავშირის და დასავლეთის წევრობა სურთ, ამას ხედავენ თავიანთ მომავლად და არა რუსეთს. ასე რომ რუსეთში დიქტატურაზე აყოლა არ მეჩვენება საქართველოსთვის სამომავლო გზად." - აღნიშნა სენატორმა.
სენატორის თქმით, იმედგამაცრუებელია, რომ არ ჩანს ინტერესი აშშ-მა საქართველოს დახმარება გააგრძელოს.
"დახმარება, რომელსაც საქართველოს ვუწევდით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ მიმართულებით, რომ გაგვეგრძელებინა ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიის გაუმჯობესება, ქვეყანაში საკითხების უკეთ ამუშავება, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ ასე რომ ძალიან იმედგამაცრუებელია, რომ ვერ ვხედავთ ინტერესს, რომ სამომავლოდაც ასე გაგრძელეს," - აცხადებს სენატორი.
"ამერიკის ხმის" შეკითხვა შეეხო "ქართველი ხალხის აქტსაც", თუ რა ეტაპზეა ახლა ის, რა შანსი აქვს, რომ მას მიიღებენ და რა ელოდება საქართველოს მთავრობას მისი ამოქმედების შემდეგ.
"ჩვენ ჯერ კიდევ ვაწარმოებთ კანონპროექტზე მოლაპარაკებას, რადგან ვცდილობთ ის თავდაცვის კანონპროექტში ჩავრთოთ, რომელსაც წლის ბოლოს მივიღებთ. ვფიქრობ, ეს არჩევნების შემდეგ მოხდება. შესაბამისად, მასში შეიძლება იყოს გარკვეული დებულებები, რომელიც შეიძლება ამოვიღოთ. ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამაზე.
იმედი გვაქვს, რომ ეს უპირველესად გზავნილია ქართველი ხალხისთვის, რომ პირველ რიგში, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ სწრაფვას ევროკავშირისკენ, მხარს ვუჭერთ მათ დემოკრატიულ სურვილებს, რათა განაგრძონ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას პატივს სცემენ.
მეორე გზავნილი ისაა, რომ შეშფოთებულები ვართ არჩევნების გამო, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ის თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება და რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ არჩევნებში მონაწილე ხალხს. იმედი მაქვს, რომ არჩევნებზე დიდი აქტივობა იქნება, ისევე როგორც ვიმედოვნებ, რომ ამერიკის არჩევნებზეც დიდი აქტივობა იქნება." - განაცხადა შაჰინმა.