გვეამაყება, რომ ჩვენს საპარლამენტო გუნდში, შიდა ქართლიდან სამი ოლიმპიური ჩემპიონი იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გორში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ამ რეგიონს ჰყავს აღზრდილი იმაზე მეტი ოლიმპიური ჩემპიონი, ვიდრე ძალიან ბევრ სახელმწიფოს და ამით შეუძლია შიდა ქართლს იამაყოს და ჩვენ განსაკუთრებულად გვეამაყება, რომ ჩვენს საპარლამენტო გუნდში, კონკრეტულად ამ რეგიონიდან იქნება წარმოდგენილი სამი ოლიმპიური ჩემპიონი, ბატონი ლადო, შოთა ხაბარელი და გენო პეტრიაშვილი. მივესალმები განსაკუთრებულად სამივეს.
ჩემს დღევანდელ გამოსვლასაც დავიწყებ იმის შეხსენებით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. ვინ თუ არა თქვენ, შიდა ქართლის მოსახლეობამ, იცით ყველაზე უკეთ მშვიდობის ფასი. თქვენ საკუთარ თავზე ყველაზე მძიმედ გამოცადეთ 2008 წლის ომთან დაკავშირებული ტკივილი. ტკივილი, რომელიც საქართველოს და ამ მხარეს წინა ხელისუფლების მოღალატეობრივმა დანაშაულმა მოუტანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.