კატეგორიულად მიუღებელია ცესკო-ს თავმჯდომარის მხრიდან მედიაზე და ჩართულ მხარეებზე თავდასხმა, მოსახლეობას არჩევნებზე მაქსიმალური აქტივობისკენ მოვუწოდებ, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას არ მიეცეს მანიპულაციის საშუალება", - ამის შესახებ ცესკო-ში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით კირთაძემ განაცხადა.
"ცესკოს თავმჯდომარემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე მედიასთან ერთად, ჩართული მხარეებიც დაგვადანაშაულა საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციაში მხოლოდ იმიტომ, რომ რეაგირების გარეშე არ ვტოვებთ არცერთ დარღვევას თუ გადაცდომას. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის, როგორც ცესკოს ერთი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია თავმჯდომარის მხრიდან მედიაზე იმ ფორმით თავდასხმა, რაც ჩვენ ვიხილეთ: ეს იყო თავმჯდომარის მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელთა დაშინების მცდელობა.
რაც შეეხება ცესკოს წევრები არჩევის საკითხს: ჩვენ ცესკოს მივაწოდეთ მასალები, სადაც სოციალურ ქსელებში ე.წ. ნეიტრალური წევრები აქტიურად აზიარებენ მმართველი პარტიის სხვადასხვა აქტივობებს და ეწევიან აგიტაციას. თავმჯდომარის მხრიდან საზოგადოებისთვის ინფორმაციის დამახინჯებით მიწოდება ამართლებს ეჭვს, რომ მმართველი პარტიის მიერ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილება ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ თავმჯდომარე მათი დავალების შემსრულებელი ყოფილიყო.
მოვუწოდებ ადმინისტრაციას, უზრუნველყონ სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი, შეეშვან მედიაზე და ჩართულ მხარეებზე თავდასხმებს, ასევე მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე მაქსიმალური აქტივობისკენ, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას არ მიეცეს მანიპულაციის საშუალება", - განაცხადა დავით კირთაძემ.,