აშშ საქართველოს პარტნიორია უკვე 30 წელია, იმ ფაქტის გააზრება, რომ ქართული ოცნების მთავრობას ამის წყალში ჩაყრა სურს და რუსეთს ელაქუცება, ძალიან ძნელია, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა სენატში საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მიმდინარეობს განხილვა თემაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“.
პრემიერმინისტრთან (ირაკლი კობახიძესთან) შეხვედრაზე, ჩვენ წამოვწიეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობის ბოლოდროინდელი გაუარესების საკითხი, რაც უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებამ გამოიწვია. ჩვენ მოვუწოდეთ, ეფიქრა იმაზე, როგორ შეიძლება ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესება, რაც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.
ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ერთადერთი მოთხოვნა, რაც მას ჰქონდა იყო, რომ აშშ-მ შეწყვიტოს იმ NGO-ების დაფინანსება, რომლებიც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ. როგორც კონგრესმენმა ტერნერმა ახსნა, დემოკრატიაში ყველანი ვაღიარებთ, რომ შეგიძლია გამოხატო კრიტიკა, თუ ვინმეს პოლიტიკას არ ეთანხმები.
მესმის, რომ ამ შეხვედრის შესახებ ჩვენი ნათქვამის სიმართლეში ეჭვი შეიტანა, მაგრამ იქ მარტო არ ვიყავი და ყველამ გავიგეთ რისი თქმაც სურდა. კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვარ, რომ ქართულმა ოცნებამ დაიკავა პოზიცია, რომ არ აღიარებს იმ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინსვლასაც, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან.
როგორც სენატორმა რიშმა თქვა, აშშ საქართველოს პარტნიორია უკვე 30 წელია, მხარს უჭერს მის დემოკრატიას, თავდაცვისუნარიანობას და ეს ურთიერთობა საერთო ღირებულებებზე იყო დაფუძნებული. იმ ფაქტის გააზრება, რომ ქართული ოცნების მთავრობას ამის წყალში ჩაყრა სურს და რუსეთს ელაქუცება, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყანას საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, ძალიან ძნელია“, - განაცხადა შაჰინმა.