არანაირ კოალიციას და თანამშრომლობას არ დავუშვებთ არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიშა სააკაშვილთან, - ამის შესახებ „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში განაცხადა.
„ვინ გითხრათ, რომ ჩვენი პარტია უქმნის კოალიციას ვინმეს? ეს თქვენ გადაწყვიტეთ ჩვენს მაგივრად?
ჩვენი პრინციპული პოზიციაა შემდეგი და ამას კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ - ჩვენ არცერთ შემთხვევაში არანაირ კოალიციას და თანამშრომლობას არ დავუშვებთ არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიშა სააკაშვილთან, სხვა ყველაფერი განხილვადია .
ის, რომ ამას აქვს 30% და იმას 45%, არ ნიშნავს, რომ მათ უნდა შექმნან კოალიცია, ეს არ არის ასე, არსად არ წერია, ეს არის გრძელი და საკმაოდ რთული პროცესი და ამ პროცესში შესაძლებლობები არის უამრავი.
მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ - კრიტიკულად მიუღებელია ერთი კერპი ერთ მხარეს და მეორე კერპი მეორე მხარეს, სხვა ყველაფერი განხილვადია. ჩვენი პოლიტიკური მიზანი არის, რომ ამ ქვეყანაში კერპები დაინგრეს.
თქვენს მაყურებელს იმას ხომ არ დაპირდით, რომ ყველა ჩემი საიდუმლო აქ უნდა მოგიყვეთ? რატომ არ უშვებთ, რომ მაგალითად, ერთმაც და მეორემაც მესამე მხარეს მისცენ ხმა? სალომე ზურაბიშვილის იდეის მთავარი ნაწილი ტექნიკური მთავრობა არ იყო?
მარტივად გპასუხობთ - ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ერთ მთავრობაში ყოფნა გამორიცხულია, ოცნებასთან თანამშრომლობა კოალიციურად გამორიცხულია. დამთავრდა“, - თქვა გახარიამ.