რუსეთი შავ ზღვაში თავს დაესხა სამოქალაქო სატვირთო გემს, რომლსაც ეგვიპტეში ხორბალი გადაჰქონდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„რუსული რაკეტა ეგვიპტესთვის განკუთვნილი ხორბლით დატვირთული გემის წინააღმდეგ. დღევანდელი თავდასხმა შავ ზღვაში უკრაინის ტერიტორიული წყლების დატოვებისთანავე განხორციელდა ჩვეულებრივ სამოქალაქო გემზე. წინასწარი მონაცემებით, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა არის სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გლობალური დონორი და ათობით ქვეყნის შიდა სტაბილურობა და ცხოვრება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დამოკიდებულია მისი სურსათის საექსპორტო დერეფნის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
"ჩვენ ველოდებით მსოფლიო რეაქციას. ხორბალი და სურსათის უსაფრთხოება არასოდეს უნდა იყოს რაკეტების სამიზნე", - წერს ის.