საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირება ჩვენთვის შემაშფოთებელია, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.
კარპენტერის განცახდებით, მმართველი პარტიის მიერ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება უპასუხოდ არ დარჩება.
„სანქციების შესახებ წინასწარ არ ვაცხადებთ, მაგრამ ვეცდებით ადამიანებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას კორუფციისთვის, ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისთვის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის.
ჩვენ გვაქვს საჭირო ინსტრუმენტები, რათა შესაბამისად მოვიქცეთ, როგორც საქართველოს კონტექსტში, ისე გლობალურადაც. გავაგრძელებთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, როდესაც ეს აუცილებელი იქნება“, - განაცხადა კარპენტერმა.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევენბს აშშ ახლოდან დააკვირდება.
„შეერთებული შტატები მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას, მის დემოკრატიას, ამ დემოკრატიული სისტემის საფუძველი კი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ წარსულში, საქართველომ შეძლო ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა ერთი ადმინისტრაციისგან მეორესთვის.
ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, როგორც უკვე ვახსენე, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შევიწროების კუთხით... ასევე, ვნახეთ [საქართველოს] პრემიერის განცხადება, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების კრიმინალიზაციასა, თუ უკანონოდ გამოცხადების შესახებ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნორმებს. ეს შეშფოთებას იწვევს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები...
...ყველა არჩევნები გადამწყვეტია, რადგან თითოეულს დემოკრატიული სულისკვეთებით დემოკრატიული ინსტიტუტების განახლების შესაძლებლობა აქვს.
ამავე პრინციპით, თუ არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი, ნებისმიერი დემოკრატიული სისტემა შეიძლება დაიშალოს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თუ ის, რასაც ოქტომბერში ვნახავთ, თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, მაშინ, სამწუხაროდ, ეს შემაფერხებელი იქნება საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის.
არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, ასე რომ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს. თუმცა, ეს უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღების შეწყვეტით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროების დასრულებით და ადმინისტრაციული ძალის გამოუყენებლობით იმ დონეზე, რომ ამან აიძულოს ხალხს ხმა მისცეს [კონკრეტულ კანდიდატს].
თუ ეს ქმედებები შეწყდება, მაშინ შეგვიძლია გვქონდეს მოლოდინი, რომ არჩევნები, შესაძლოა, იყოს თავისუფალი და სამართლიანი. თუ ეს ქმედებები გაგრძელდება, მაშინ პირიქით მოხდება“, - განაცხადა კარპენტერმა.