სალომე ზურაბიშვილი შერჩეულია როგორც ფიგურა, რომელიც პირდაპირ დანაშაულებში არ იყო ჩართული, ის შეარჩიეს ფიგურად, რომლის ხელთათმანებსაც სისხლის ლაქები არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის მიერ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც მან თქვა: „მმართველი პარტია დასუსტებულია, გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ”.
„არ იყო ჩართული იმ დანაშაულებში, რომელიც ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს ახასიათებს – თითოეულ მათგანს გაერთიანებული თუ გაუერთიანებელი სახით, იქნება 5, 4 თუ ნებისმიერი სხვა ნომერი. სალომე ზურაბიშვილი შეარჩიეს როგორც ერთადერთი, რომელსაც ხელზე ისეთი ხელთათმანები აცვია, რომელსაც სისხლის ლაქები არ აქვს. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილმაც თავისი პირობები დააყენა, რომ იგი იქნება ერთადერთი და განუმეორებელი, რომელიც დროებითი მთავრობის შემადგენლობას დააყენებს და ეს ყველასთვის წესი და კანონი იქნება, მათ შორის მათთვისაც, ვინც გუშინ უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა. მაგალითად, როგორიც არის ნიკა გვარამია ან ნებისმიერი სხვა. იმ სიტყვას, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს მოიხსნიებდნენ, ვერც გავიმეორებ, იმდენად უტიფარი და უზრდელურია. ამაში თვალთმაქცობა მეტია და რეალობა არ ჩანს. ეს ყველაფერი და ეს ურთიერთობები ყალბია, მაგრამ ზურაბიშვილს თავისი პირობები აქვს. მთავრობა უნდა წარმოადგინოს და ერთ წელიწადში ველი გაწმინდოს. ალბათ იგივე რეპრესიები სჭირდება, რომელშიც გვარამია უკვე გამოცდილია, შემდეგ უნდა ჩაატაროს არჩევნები. ამ პროცესის ლიდერი უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი თავისი ქოლგით. ეს ქოლგა როგორია – რეალურია, სერიოზულია, ფუფალას დროშაა, ქოლგაა თუ სხვა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს “, – განაცხადა ვოლსკიმ.