"ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა არათუ გამოიძიოს ჩემზე თავდასხმა, არამედ განახორციელოს შერჩევითი ამნისტია, რომლის საფუძველზეც შესაძლოა, ამ დანაშაულის ჩამდენი პირები გათავისუფლდნენ, -ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძემ და მისმა ადვოკატმა შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან ბრიფინგი გამართეს.
გია ჯაფარიძის განცხადებით, მასზე ოთხი თვის წინ მომხდარი თავდასხმა ისევ გამოუძიებელია.
"დაახლოებით ოთხი თვის წინ ჩემზე იყო თავდასხმა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას, საქართველოს პროკურატურის მიერ მე ცნობილი ვარ დაზარალებულად, მაგრამ ოთხი თვის განმავლობაში გამოძიება ვერაფერს მეუბნება ახალს. ჩემს ადვოკატებს აქვთ კომუნიკაცია გამომძიებლებთან, მაგრამ არც დამნაშავეები არიან გამოვლენილი, არც ვინმე დაუკავებიათ და მეტიც: "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა შერჩევითი ამნისტიის განხორციელება, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა, ამ დანაშაულის ჩამდენი პირებიც გათავისუფლდნენ. ამ ხნის განმავლობაში მე და ჩემი ადვოკატები ვითხოვდით იმ ჩანაწერებს, რომლებიც ამოღებული აქვს კრიმინალურ პოლიციას, ასევე ჩვენი კორპუსის ჩამწერი სისტემის მასალას, ჩემს პირად ნივთებს, რომლებიც, როგორც კრიმინალური 0პოლიციის გამომძიებლები ამბობენ, ჯერ კიდევ ექსპერტიზის ბიუროშია", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გია ჯაფარიძემ მასზე თავდასხმის გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ადვოკატის ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, კი თავდამსხმელები დადგენილი არიან, მაგრამ, "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ მათ ამნისტია შეუფარდოს.
"ამ ადამიანებს დაუკვეთეს თავდასხმა, შეასრულებინეს, დღეს კი უნდათ, რომ მათ ამნისტია შეუფარდონ და მოუხსნან პასუხისმგებლობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს თავდასხმა იყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული. რაც შეეხება ექსპერტიზის ბიუროს, აქამდე არ არის ჩატარებული ექსპერტიზა, რადგან მას არა აქვს სატანადო რესურსები, სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენ რომ სახელმწიფოში მოხდეს სწრაფი გამოძიება, ამიტომაც გვინდა ევროკავშირი, ამიტომაც გვინდა 14 მილიარდიანი გრანტი, რომელსაც პირდაპირი წესით მიიღებს აქართველო. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჰელსინკის კომისია, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ ამბობენ, რომ ამ ადამიანებზე მოხდა თავდასხმა და მათზე იძალადეს "ტიტუშკებმა" და ზონდერებმა და თუ ის არ იქნება გამოძიებული, პირდაპირ მიუთითებს, რომ თავდასხმა იყო წახალისებული და სახელმწიფოს მიერ მწვანე შუქანთებული".