პრემიერის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ცინიკურია, ეს 200 მილიონი გამოყენებული იქნება პროსამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მათი დაფინანსებისთვის, ასევე ამომრჩევლის მოსყიდვისთვის, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ლევან ბეჟაშვილმა თქმით, არასამთავრობოები ვერ შეინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, თუ ხელისუფლების ფინანსებზე იქნებიან დამოკიდებული.
"პრემიერმინისტრის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ცინიკურია, რადგან ცხადზე უცხადესია, რომ არასამთავრობოები ვერ შეინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, თუ ხელისუფლების ფინანსებზე იქნებიან დამოკიდებული. მათი მთავარი საქმიანობა სწორედ ობიექტურობას და დამოუკიდებლობას უკავშირდებოდა, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წვლილი არასამთავრობო სექტორის განვითარებაში. გასაგებია, რომ ეს 200 მილიონი გამოყენებული იქნება პროსამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მათი დაფინანსებისთვის, ასევე ამომრჩევლის მოსყიდვისთვის. და, ბუნებრივია, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტორი იქნება, თუ რატომ არ შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი არჩევნების ხელშემწყობ ღონისძიებად, პირიქით: ეს იქნება არჩევნების გაყალბებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.