“ვფიქრობთ, რომ კულტურის პოლიტიკა საქართველოში ძალიან სერიოზულად უნდა შეიცვალოს და ამაზე იმუშავეს ამ ადამიანებმა. იმაზე, თუ როგორი არის ხედვა, როგორი უნდა იყოს მომავალი საქართველოს კულტურა.”- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა ბაქრაძემ საქართველოს კულტურის დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” “კულტურა დემოკრატიისთვის” ინიციატივას უერთდება, ვინაიდან საქართველოს მომავალზე კულტურის გარეშე საუბარი შეუძლებელია.
“დღეს ჩვენ ვხვდებით კულტურის დარგის წარმომადგენლებს, რომლებმაც შექმნეს კულტურის დეკლარაცია, რომელიც მიმაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თუ კი ჩვენ ვლაპარაკობთ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, საქართველოს მომავალზე, რასაკვირველია, წარმოუდგენელი არის ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე ამაზე საუბარი, როგორიც არის ქართული კულტურა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი და ამიტომ, რასაკვირველია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კულტურის პოლიტიკა საქართველოში ძალიან სერიოზულად უნდა შეიცვალოს და ამაზე იმუშავეს ამ ადამიანებმა. იმაზე, თუ როგორი არის ხედვა, როგორი უნდა იყოს მომავალი საქართველოს კულტურა და ამ კულტურაში ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნების სხვადასხვა დარგებს, არამედ ვგულისხმობთ ბევრად უფრო ფართო გაგებით კულტურას.
მათ შორის, მაგალითად, კულტურის ტურიზმს, ასევე მეღვინეობა შეგვიძლია, როგორც ქართული კულტურის ნაწილი გავიგოთ და ასე შემდეგ. ამიტომ დღეს ჩვენ მოვაწერთ ხელს ამ დეკლარაციაზე, როდესაც საქართველოში გაიმარჯვებს ოპოზიცია და ეს იქნება კოალიციური მთავრობა, ჩვენ შევქმნით ახალ კულტურის პოლიტიკას, სადაც მეტი თავისუფლება იქნება, ეს არ იქნება პარტიული პოლიტიკა, რომელიც სამწუხაროდ, დღეს არის, არამედ იქნება თავისუფალი, დემოკრატიული კულტურისათვის ისეთი, როგორიც ეკადრება ევროპულ საქართველოს.” - განაცხადა ბაქრაძემ.