„საქსტატის" წინასწარი მაჩვენებლით, 2024 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 10.3%-ით გაიზარდა და 574.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მეორე კვარტალების მონაცემებს შორის 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ინვესტიციები, ძირითადად, მოზიდულ იქნა ისეთ სექტორებში როგორიცაა საფინანსო და სადაზღვევო სექტორი (დაახლოებით 255 მლნ აშშ დოლარი), ასევე ენერგეტიკასა და ვაჭრობის სექტორებში.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს შესახებ წლების განმავლობაში ყალიბდებოდა უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი, საუკეთესო და მეგობრული საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის დადებითი იმიჯი.
„ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში. ასევე ყურადღებას გავამახვილებ სპეციალურ შეთავაზებებზე, კონკრეტულ ინსტრუმენტებზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სთავაზობს ინვესტორებს ამა თუ იმ სფეროში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაუმჯობესების ტენდენციები ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობასა და პოზიტიურ მოლოდინებზე საქართველოს ბიზნეს გარემოს მიმართ. საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი წარმოადგენს," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.