რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.
ლავროვის თქმით, ის რაც ახლა საქართველოში ხდება, ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა.
"რაც ხდება საქართველოში, არის მათი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგება, რომ ქართველ ხალხს აქვს მართლმადიდებლობისა და ეროვნული კულტურის ერთი და იგივე ღირებულებები, წაშლასა და გაქრობას უქადის ე.წ. წესები, რომელსაც დასავლეთი უწესებს ყველას, უპირველესად ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების კონტექსტში. ქართველებს ეს არ ახარებთ. მათ ასევე არ მოსწონს ლგბტ დღის წესრიგის აღვირახსნილი დაწესება. ქართველი ხალხი უფრთხილდება თავის ისტორიას და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ იღებს დასავლეთის ქვეყნებისგან ასეთ საყვედურებს“, - თქვა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, საქართველოს მაგალითი ნიშანდობლივია, რადგან სულ უფრო მეტი ქვეყანა აცნობიერებს, რომ „ლიბერალური დემოკრატიის ძაბრი, საითკენაც დასავლეთი მათ იწოვს, ეწინააღმდეგება მათ ფესვებს, ტრადიციებს“.
"სწორედ ამ ტრადიციების მოშლა სურს დასავლეთს და მათი ე.წ. არატრადიციული ღირებულებებით ჩანაცვლება, რომელთა დახმარებითაც მას ჰეგემონიის შენარჩუნების იმედი აქვს", - თქვა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში „აგენტების კანონის“ მიღების შესახებ.
ლავროვის აზრით, საქართველოში მიღებული კანონი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში მოქმედი კანონი.
"არავითარი სტატუსი არ ენიჭება იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებიც დაარღვევენ ამ კანონს. მათ უბრალოდ სთხოვენ, აჩვენონ ფინანსები, რომელსაც იღებენ უცხოეთიდან, როგორც ეს არის საფრანგეთის, პოლონეთის და სხვა მრავალი ქვეყნის კანონში, დაწყებული ამერკაში 1930 წელს მიღებული კანონით", - თქვა ლავროვმა.