,,ქართულმა ოცნებამ” ჯერ ხელისუფლებაში მოსვლის მოტივით გასცა არაერთი ცრუ დაპირება, რომელიც მერე აღარ შეასრულა, ახლა კი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისევ აგრძელებს საკუთარი მოსახლეობის მოტყუებას.
ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, 26 ოქტომბერს მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, ისევ მისცენ ხმა მატყუარა და ორპირ ხელისუფლებას თუ აირჩიონ რეალური ალტერნატივა ,,ძლიერი საქართველოს” სახით.
,,სამი მნიშვნელოვანი რამ, რასაც ,,ქართული ოცნება” ატყუებს ამომრჩეველს: თითქოს მშვიდობა მათი დამსახურებაა და თუ ისინი წავლენ ომი დაიწყება. ტყუილია, პირიქით, ,,ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის შესასუსტებლად, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობის 90 პროცენტი საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს ათასობით ემიგრანტი, რომელთათვისაც უვიზო მიმოსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს რეალურად რესურსი, დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ავტომატურად ნიშნავს გარანტირებულ უსაფრთხოებას.
მეორე, რასაც ასევე ცრუობს მმართველი გუნდი არის ის, რომ საჯარო მოხელეებს აშინებს, თუ ისინი არ იქნებიან ხელისუფლებაში, ყველა საჯარო მოხელე სამსახურს დაკარგავს. პირიქით, ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ვთვლით, რომ არ შეიძლება პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანები დავითხოვოთ სამსახურიდან. ჩვენ ვართ ორიენტირებული სამუშაო ადგილების გაზრდაზე და არა უმუშევრობის ზრდაზე.
მესამე საკითხი, რასაც ასევე ატყუებს ,,ქართული ოცნება” ამომრჩეველს, თითქოს ოჯახურ ღირებულებებს ისინი უფრთხილდებიან. რეალურად ისინი მანიპულირებენ ყველა იმ საკითხით, რომელიც მარტივ ზეგავლენას ახდენს ადამიანების გრძნობებზე. არადა სწორედ ,,ქართული ოცნების” პირობებში გაიხლიჩა ათასობით ოჯახი და გადაიხვეწა უამრავი ადამიანი სამუშაოს საძიებლად სწორედ სიღარიბის დასაძლევად. ჩვენი გუნდი, ძლიერი საქართველოს გუნდი არის მზად დაძლიოს სიღარიბე ამ ქვეყანაში და შექმნას 200 000 სამუშაო ადგილი” - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.