ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, რეალურად მხოლოდ ერთი ოპოზიციური ძალა გადალახავს ბარიერს, სამწუხაროდ, ეს არის ისევ და ისევ „ნაცმოძრაობის“ ბრენდის ქვეშ წარმოდგენილი 5 ნომერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, რაც შეეხება სხვა პარტიებს, ორი პოლიტიკური სუბიექტია დღეს ახლოს ბარიერთან, ეს არის გვარამიას და ხაზარაძის პარტიები, თუმცა, მისი შეფასებით, საბოლოო ჯამში, ეს ორი პარტიაც ვერ გადალახავს ბარიერს.
„დღეს ახლოს არიან, მაგრამ, ვფიქრობ, მათაც გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოებას, უნდა გავახსენოთ ის განცხადებები და ქცევები, რაც გამოარჩევდა ამ ადამიანებს. შეგვიძლია მარტივად ამოვიღოთ, ოთხი ლიდერია გვარამიას პარტიაში – გვარამია, მელია, ჯაფარიძე და ხოშტარია, უბრალოდ, შეიძლება ორ-ორი განცხადება ამოვიღოთ ამ ადამიანების და კითხვა უნდა დაისვას, როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ერთი ადამიანი მაინც უჭერდეს მხარს? Ისეთი განცხადებები აქვთ ნაკეთები, ქმედებებს რომ თავი დავანებოთ. რა თქმა უნდა, პრობლემაა, რომ რაღაც ხმებს იღებენ, მაგრამ, ვფიქრობ, ბარიერის გადალახვა არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. რაც შეეხება ხაზარაძეს, რომელიც, იცით, რა საქმეებში იყო გახვეული „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. შეგახსენებთ, რა პრეტენზიები არსებობდა, რბილად რომ ვთქვათ, მაგნატის საქმე, „ელიტ ელექტრონიქსის“ საქმე, „კონსტანტას“ საქმე და ა.შ. ყველას გვახსოვს, შუაღამისას რა ხდებოდა უშიშროების შენობაში, როგორ ხდებოდა გრეიდების გაფორმება, თანხის წართმევა ბიზნესმენებისთვის და ა.შ. პარტიაში ჰყავთ ადამიანი, რომელიც საქართველოს უჩიოდა ცხინვალის დაბომბვასთან დაკავშირებით, ანა ნაცვლიშვილიც და ანა დოლიძეც, ორი ადამიანი, რომელიც საქართველოს უჩიოდა, ანუ მხარს უჭერდა რუსეთს, რეალურად, სარჩელს საქართველოს წინააღმდეგ. ასეთი ადამიანები ჰყავთ და აქვთ რაღაც პრეტენზია, რომ ბარიერი უნდა გადალახონ. ელისაშვილი ჰყავს საკუთარ პარტიაში ხაზარაძეს, რომელსაც კაცობის ნატამალი არ აქვს, თქვენ იცით მისი ქმედებები და ა.შ. დანარჩენი კომიკური სახეები, აღარ მინდა გვარების ჩამოთვლა. აქაც იგივე კითხვა უნდა დაისვას, როგორ შეიძლება ასეთმა ადამიანებმა, თუნდაც ერთი ხმა მიიღონ? რა თქმა უნდა, ყველა საზოგადოებაში ასე არის, როგორც არის, მაგრამ მე არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებაში ასეთმა პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს ბარიერის გადალახვა.
„ნაცმოძრაობა“ რომ ლახავს ბარიერს, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ ერთი რამეც შეიძლება ითქვას, იგივე გერმანია, იცით, რამხელა კულტურის ქვეყანაა, გერმანიაში რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში ჰიტლერის პარტია 1945 წლის შემდეგ, ისინიც აიღებდნენ დაახლოებით 15-20%-ს. ეს ყველა საზოგადოებაში ხდება და არ არის ქართული საზოგადოების განსაკუთრებული პრობლემა, მაგრამ ეს უბედურება საბოლოოდ უნდა მოვაშოროთ ჩვენ, როგორც გერმანელებმა მოაშორეს თავის დროზე უბედურება, ძალიან მარტივად და მკაცრად, საკუთარ ქვეყანას, ასევე უნდა მოვაშოროთ ჩვენ ეს უბედურება, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას. თქვენ წარმოიდგინეთ, გერმანელებს რომ დაეტოვებინათ და არ აეკრძალათ „ნაციონალ-სოციალისტები“ 40-იანი წლების შემდეგ, მუდმივ უბედურებაში იქნებოდა ეს ქვეყანა. ამაზე ვსაუბრობთ ზუსტად ჩვენ, არ შეიძლება, ქვეყანა დავტოვოთ მუდმივ უბედურებაში. არ შეიძლება, ასეთი ოდიოზური ადამიანები, რომლებიც ასეთი განცხადებებით გამოდიან, საკუთარ ქვეყანას უჩივიან და ა.შ. იყვნენ პოლიტიკური სისტემის ნაწილი. უბრალოდ არ შეიძლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.