პარტია გახარია საქართველოსთვის განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ ქართული ოცნება ანტი-ლგბტ კანონს საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს და ამიტომ არ მისცა მათ საშუალება მხარი დაეჭირათ "იმ კონკრეტული კანონპროექტებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ბაღებსა და სკოლებში ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან".
"დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დიდი ტყუილი იკადრა და დაგვაბრალა, თითქოს, ჩვენ არ გვსურს ბავშვები დავიცვათ პროპაგანდისგან. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღეს "ოცნება" დგას სრულად ტყუილზე და დეზინფორმაციაზე, რომელიც ძალიან ხშირად, სწორედ გიორგი გახარიას და ჩვენს გუნდს ეხება.
საზოგადოებას გვინდა გავახსენოთ, რომ ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას ოჯახური ღირებულებების დაცვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო საჯარო განხილვებში სწორედ იმის გამო, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. თუმცა, ოცნების რეალური მიზანი არა ოჯახების დაცვა ან ბავშვთა უფლებებია, არამედ წინასაარჩევნოდ ამ თემით სპეკულირება, რაც საკონსტიტუციო განხილვებშიც კარგად გამოჩნდა.
იმისათვის, რომ "ოცნებისთვის" არ მიგვეცა ბავშთა უფლებებით მორიგჯერ სპეკულაციის საშუალება, დღეს გვსურდა მხარდაჭერის დაფიქსირება იმ კანონპროექტებისთვის, რომლებიც ემსახურება ჩვენი ბავშვების, ვიმეორებ ბავშვების დაცვას პროპაგანდისგან. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბავშვები დავიცვათ ნებისმიერი პროპაგანდისგან. დღეს ოცნებამ პროცედურული მანიპულაციებით არ მოგვცა საშუალება, მხარი დაგვეჭირა იმ კონკრეტული კანონპროექტებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ბაღებსა და სკოლებში ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან.
ყველაზე სამწუხარო რეალობა არის ის, რომ "ოცნება" დღეს ამ კანონებს იღებს არა იმიტომ, რომ ბავშვები ადარდებს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხებს იყენებენ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის.
მხარი რატომ არ დავუჭირეთ სხვა პროექტებს? რადგან ძალიან ნათელია, რომ ეს კანონები "ოცნებას" სჭირდება არჩევნებზე ხმების მოტყუებით მოსაპოვებლად.
26 ოქტომბერს არჩევნებით თქვენთან ერთად უნდა დავასრულოთ "ოცნების" სიყალბე და ტყუილები". - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
პარლამენტმა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი მე-2 მოსმენით მიიღო.