დღეს მსოფლიოში ორმაგი სტანდარტების "ვირუსი" ბატონობს, ევროსასამართლო კი აშშ-ს უყურებს თვალებში - აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომლიც მიხედვით ევროსასამართლომ უარი განაცხადა საქართველოს წინააღმდეგ აღძრული 1 549 საქმის განხილვაზე, რომელიც 2008 წელს მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომს ეხებოდა.
"საქართველოს აგრესიის ფაქტი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ უკვე დადასტურებულია. მათ შორის ჰაიდი ტალიავინი კომისიის მიერ. ამას გარდა ევროსაბჭოს კომისიის კომისრის თომას ჰამარბერგის ანგარიშში ნათლადაა დაფიქსირებული, რომ სწორედ ქართული ტანკები შეიჭრნენ ცხინვალში. აგრესიის შედეგი ნახეს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და ჟურნალისტმა. როგორც ვიცით, ევროპულმა სასამართლომ სარჩელების განხილვაზე უარი განაცხადა არა იმიტომ, რომ მათ ეჭვი შეეპარათ მათ ჭეშმარიტებაში, არამედ იმიტომ, რომ თითქოს ადვოკატებმა მათ დამატებითი მასალები არ მიაწოდეს", _ აცხადებს ჩოჩიევი და დასძენს, რომ მას ძნელად სჯერა იმისა, რომ ევროსასამართლო დღეს ან ხვალ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთს აწყობს.
"დღეს მსოფლიოში ორმაგი სტანდარტების "ვირუსი" ბატონობს. საერთაშორისო ორგანიზაციების უმრავლესობა მსოფლიოში და მათ შორის საერთაშორისო სასამართლოები აშშ-ს თვალებში უყურებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, ის ფაქტიც, რომ საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღება დამადასტურებელი იქნება საქართველოს აგრესიის მომზადებისა ყველასათვის ცნობილი ქვეყნების მიერ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ საკითხს ჩვენ დღის წესრიგიდან ვხსნით, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ოფიციალურ პასუხს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ოდესმე მიხეილ სააკაშვილს აშშ-ში ისევე როგორც ბენ ლადენს დამნაშავედ აღიარებენ და ჩვენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დავუბრუნდებით", _ აცხადებს ჩოჩიევი.
მისივე თქმით, აშშ არც მალავს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ღიად უჭერს მხარს სააკაშვილის რეჟიმს.