„როდესაც თქვენ საუბრობთ მშვიდობაზე, საუბრობთ დემოკრატიაზე, ამ პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე თქვენ თვითონ თქვით უარი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე რუსული კანონით, თვითონ თქვით უარი სუვერენიტეტზე, რომელსაც ახლა კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ აყენებთ და უარი თქვით, ნამდვილ, რეალურ მშვიდობაზე, როდესაც დასავლეთი მტრად გამოაცხადეთ, საქართველოს ტოვებთ მარტო ოკუპანტ რუსეთთან და საკუთარ ხალხს უცხადებთ ომს იმ განცხადებებითა და ქმედებებით, რომელსაც ამდენი ხანია ქართველი ხალხი ისმენს", - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ყალბია მმართველი ძალის საუბარი სუვერენიტეტზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე.
„რუსული კანონის მიღების შედეგად რუსეთმა გააძლიერა ზეწოლის ბერკეტები ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებაზე, რომ ის ანექსიის პროცესი, რომელიც აქამდე ძალიან თვალხილულად მიმდინარეობდა, ახლა კიდევ უფრო სწრაფად დაასრულონ. თქვენ არც ერთი პოზიცია არ დაგიფიქსირებიათ ნამდვილ ტერიტორიულ მთლიანობაზე. იმ ტერიტორიულ მთლიანობაზე, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანებით ვაღწევდით აქამდე და ეს იყო თქვენი მთავარი გზავნილი. ახლა დასავლეთს მტერს უწოდებთ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
მისივე განცხადებით, ხელისუფლება არასწორი ქმედებებით ხელს უწყობს რუსეთის გავლენის ზრდას.
„ამ ვითარებაში, როდესაც მშვიდობის გარანტია იდგა იმაზე, რომ საქართველო მწყობრად ახორციელებდა თავის ინტერესებს, ევროკავშირისკენ მიდიოდა, აწარმოებდა პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან, თქვენ სრულიად ამოატრიალეთ და საქართველო დატოვეთ მარტო ერთი-ერთზე ოკუპანტ ძალასთან ერთად. ეს კარგად იცის ქართველმა ხალხმა და ის გაგცემთ პასუხს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.