„მოხდა ისე, რომ ასეთი ქარტეხილებით სავსე ჩვენმა ქვეყანამ არა მხოლოდ თავი გადაირჩინა, არამედ მეოცე საუკუნის დასაწყისში ორასწლიანი პაუზის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ქართული და ევროპული კონსტიტუცია შექმნა? ეს ყველაფერი აუხსნელი იქნებოდა, რომ არა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი ქართული საზოგადოების ცხოვრებაში", - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქართველი ხალხისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კავშირზე და ქართული საზოგადოების ტოლერანტობაზე სხვა რელიგიების მიმართ.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ 17 მაისს ჩვენმა თანამოქალაქეებმა პირდაპირი დავალება მოგვცეს, როდესაც ქუჩაში მილიონამდე ადამიანი გამოვიდა ოჯახური სიწმინდის, მშვიდობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, დაგვეცვა ქვეყანა ომისგან, ტრადიციების შეურაცხყოფისგან, კაცების გათხოვების დაკანონებისგან და სუვერენიტეტის შეზღუდვისგან. ეს დავალება მიღებულია და სწორედ ამიტომ დავაინიცირეთ ოჯახური ღირებულებისა და არასრულწლოვანების დაცვის კანონპროექტი ჯერ საკონსტიტუციო დონეზე და ვიცოდით, რა, რომ ოპოზიცია ტრადიციების დაცვის სასარგებლო საკონსტიტუციო კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა, დავაინიცირეთ რიგითი კანონპროექტი, რომელიც დაიცავს ჩვენს ღირებულებებს და შეზღუდავს კაცების გათხოვების პროპაგანდას", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკლესიის მნიშვნელობასა და როლზე, რომელიც სათანადოდ იქნება ასახული კონსტიტუციაში.
„ვიცით, რომ პრემიერ-მინისტრთან იყო საპატრიარქოს წარმომადგენლების შეხვედრა და კონსულტაციების შემდეგ მოხდა შეთანხმება, რომ კონსტიტუციაში უნდა განისაზღვროს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის როლი, როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი ან საფუძველი. შესაბამისად, 26 ოქტომბერს არის უმნიშვნელოვანესი და ამავდროულად, მარტივი არჩევანი: პატრიარქის ქადაგება თუ მიხაილ როთის ლანძღვა ეკლესიის მიმართ; ქართველი მეფეების პატივისცემა თუ მეფეების მლანძღავი ბერძენიშვილის ბჟუტური; საშობაო ალილოზე მსვლელობა თუ გეი აღლუმების ჩატარება; ქალისა და კაცის ქორწილში წასვლა თუ კაცისა და კაცის ფართზე სიარული; 8000- წლიანი ღვინის პატივისცემა თუ გვარამიას მხრიდან ღვინის შეურაცხყოფა; მონობა თუ სუვერენიტეტი, ომი თუ მშვიდობა... დარწმუნებული ვარ, ხალხს არჩევანი არ შეეშლება და როდესაც ხალხი არჩევანს გააკეთებს, ხალხის ძალას წინ ვერაფერი დაუდგება", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.