მომავალში სწორი ნაბიჯით რომ შევაბიჯოთ, არცერთი ამბის დავიწყება არ შეიძლება, რაც ამ ურთულესი ოთხი წელის განმავლობაში გამოვიარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
„რამდენიმე კვირა რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე. 26 ოქტომბრის არჩევნების განსაკუთრებული მნიშვნელობას ვერავინ უარყოფს. ხშირად გვსმენია რჩევები, ჩავლილ ამბებზე ნუ საუბრობთ, მომავალზე იფიქრეთო, მაგრამ იმისთვის, რომ მომავალში სწორი ნაბიჯით შევაბიჯოთ, არცერთი ამბის დავიწყება არ შეიძლება, რაც ამ ურთულესი ოთხი წელის განმავლობაში გამოვიარეთ. მით უმეტეს, თითქოს ჩვევად იქცა საქართველოს ხელისუფლების თავდაუზოგავი კრიტიკა, უსაფუძვლოდ ან შელამაზებული საფუძვლებით, პარტნიორულ ურთიერთობებში კრიზისების შექმნა და შემდგომ ისევ საქართველოს ხელისუფლებისთვის მოთხოვნა, გადადგას ნაბიჯები სხვისი გაფუჭებულის გამოსასწორებლად. წარსულის დავიწყება დღეს არის შეცდომა. პირიქით, ყველამ კარგად უნდა გავაანალიზოთ ყველა ის მოვლენა, რაც გასული ოთხი წლის განმავლობაში მოხდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და კარგად ვიცოდეთ, რა იყო:
„ISFED-ის შეცდომა“, რომელმაც ქვეყანაში 2020 წელს ე.წ. პოლიტიკურ კრიზისს დაუდო საფუძველი; ე.წ. მთავარი, „ძირძველი“ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ახლა რომ „ახალი“ ჰქვია პოლიტიკაში, საპატიმროდან გამოხსნის თავგადასავალი; ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია, რომელიც ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად გახდა საჭირო; შარლ მიშელის ე.წ. შეთანხმება, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ მთვარი მოქმედი მხარე აკლდა, მაინც შეთნხმება ეწოდა და მისი გარდაუვალი, სამართლიანი გაუქმება, რომელიც ისევ „ქართული ოცნებისთვის“ რეპუტაციული ზიანის მისაყენებლად გამოიყენეს; მიხეილ სააკაშვილის „რძისფერი დაბრუნება“ და „თავისუფლება მიშას“ სერიალი სრული დრამატიზმით. რუსეთის ომი უკრაინაში, რომლის დაწყებისთანავე საქართველო გახდა კრიტიკის სამიზნე. ნაცვლად იმისა, რომ ყველაზე მოწყვლადი ქვეყანა ევროპაში, ყველაზე დაუცველი და დღესაც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი, განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აღმოჩენილიყო, მის ხელისუფლებას, ფაქტობრივად, მარტო უწევს მოქმედება, რათა ქვეყანაში დაიცვას მთავარი – მშვიდობა; ევროკავშირთან ურთიერთობების გამოყენების მცდელობები დესტრუქციული მიზნებისთვის; პარტნიორებს შორის ყველაზე კარგად მომზადებული ქვეყნის კანდიდატის სტატუსის გარეშე დატოვება ბუნდოვანი ახსნებით და მოთხოვნებით; საქართველოს სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის საჭირო კანონის სტიგმატიზება, კარგად მომზადებული, ძვირადღირებული კამპანია „არა რუსულ კანონს“ და პარტნიორების კრიტიკის ქარცეცხლი, რომელსაც თურმე, როგორც პროტესტის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა, ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ აღიარა, საფუძველიც არ ჰქონია.
ეს მხოლოდ მთავარი მოვლენებია, მათთან ერთად კიდევ ბევრი რამ ვნახეთ და მოვისმინეთ. ამ ყველაფერს, როგორც არ უნდა გვირჩიონ, პასუხების გარეშე ვერ დავტოვებთ მარტივი მიზეზის გამო: მათ შორის არის ლოგიკური კავშირები, ამ ჯაჭვს მოჰყვა ჩვენი დღევანდელი დღე და მომავალიც ვერ გათავისუფლდება მისგან, თუ მათ არ გაეცემა სათანადო პასუხი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, დღეს ხედავენ მცდელობას, საქართველოს ხელისუფლებას დააბრალონ ევროკავშირთან ურთიერთობების „გაყინვა“ და ამით გამოიწვიონ პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ.
„მარტივად რომ ვთქვათ, უნდათ, ევროკავშირთან ურთიერთობების თემა არჩევნების დროს მთავარი იარაღი იყოს ოპოზიციის ხელში ხელისუფლების წინააღმდეგ. არადა, მარტივია ამოცნობა: შეუძლიათ თუ არა, ქვეყანა სწორი გზით მიიყვანონ ევროკავშირამდე იმ ძალებმა, რომლებიც სხვის სამსახურში უფრო ერთგულად დგანან, ვიდრე საკუთარი ქვეყნის, არაფრად აგდებენ ეროვნულ ინტერესებს და სამშობლოს მაჩანჩალად მიიჩნევენ? ცალსახად არა. საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის მთავარი წინაპირობა მშვიდობა, სტაბილური ეკონომიკური, დემოკრატიული განვითარებაა და ამ ყველაფერზე დღეს საქართველოში მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს. ხელისუფლება, რომლის ანგარიშზეც არის ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორობა, წარმატებული რეფორმები და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა. ესეც ცალსახა მოცემულობაა. არჩევნებიც ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. აქაც მარტივია ამოცნობა, ვინ იზრუნებს წესების დაცვაზე და ვის ინტერესშია არჩევნების დისკრედიტაცია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, სხვებისგან განსხვავებით, არასდროს უღალატია საკუთარი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. არასდროს დაზარებია ბრძოლა და ისეთივე წარმატებით გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის შენებას, როგორც ეს გასული წლების განმავლობაში გავაკეთეთ. მარტივი საფუძვლით, ქართველი ხალხი არ ცდება არჩევანში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.