პარტია "ევროპული სოციალისტების" ლიდერი ფრიდონ ინჯია გამოვიდა ინიციატივით, ეკლესიას კანონებზე ვეტოს დადების უფლება მიენიჭოს.
ინჯიამ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააჟღერა.
"გაიჟღერა, რომ ეკლესიას მიეცეს ვეტოს უფლება. თქვენ ალბათ გახსოვთ, წლების განმავლობაში მიღებული იქნა კანონები, რომელიც სრულად არ ასახავდა ქართველი ხალხის ინტერესებს, მე ასე მიმაჩნია. და შესაბამისი უკმაყოფილობა გამოუთქვამს ეკლესიას, ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასაც. მაშინ როდესაც ასეთი საშუალება ექნება ეკლესიას, რომ საკუთარი შეხედულებით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეკლესიას ვეტოს უფლება მიეცემა, ეს ბევრ რამეს გადაწყვეტს, მათ შორის იმასაც, რომ ის კანონები, რომლებიც შესაძლოა უახლოეს მომავალში შესაცვლელი გვექნეს, არ ყოფილიყო მიღებული. ეკლესიამ შეიძლება ეს უფლება გამოიყენოს, ან არ გამოიყენოს, მაგრამ მას ამით შეუძლია ისარგებლოს და ისარგებლოს, შესაბამისად, მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ. ამიტომ ეს საკითხი, დღის წესრიგში დგას, მიმაჩნია, ეს თუ კონსტიტუციაში ჩაიწერება და თავის ადგილს დაიკავებს, ამ უფლებით ეკლესიას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია ისარგებლოს,“ - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.