პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ერევანში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახურია ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.
"მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში მდგრადი და მშვიდობიანი გარემოს შექმნას.
საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრეს და საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადეს სომხეთის მიერ გაეროში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიაში საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის სწრაფად დასრულების მნიშვნელობას.
ნიკოლოზ სამხარაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა წვლილი შეიტანოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში და დაეხმაროს სომხეთს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარებით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები ოფიციალური ვიზიტით სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფებიან. დელეგაციის ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი