იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
მომხსენებელმა, კომიტეტის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ დეპუტატებს კანონპროექტში შესატანი ცვლილებები გააცნო.
კანონპროექტით ამნისტია გავრცელდება ცივი იარაღის ტარებისათვის მსჯავრდებულ პირებზე, მხოლოდ გარკვეული დათქმით. როგორც მომხსენებელმა განმარტა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს ცივი იარაღის ტარებას ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირის მიერ.
ამნისტიის პროექტი შეეხება 2201 მუხლს (გულგრილობა). კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებული პირები გათავისუფლდებიან. როგორც მომხსენებელმა განაცხადა, თუ რა პრინციპით შეეხება ამნისტია ამ მუხლის მეორე ნაწილს ეს საკითხი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის დროს გადაწყდება.
პროექტით, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის მსჯავრდებული პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნება დაზარალებულების თანხმობა.
ასევე, დაზარალებულების თანხმობით გათავისუფლდებიან დოკუმენტის გაყალბებისთვის ბრალდებული პირები.
შემდეგი ცვლილება შეეხება ნარკოტიკულ დანაშაულს. კერძოდ, თუ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილია ჯგუფურად, მაშინ სასჯელის ვადა აღარ განახევრდება, არამედ შემცირდება 1/6-ით.
დაზარებულის თანხმობით სასჯელი გაუნახევრდებათ პირებს, რომლებმა ჩაიდინეს 116-ე მუხლის (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ) პირველი ნაწილით და 276-ე მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ამნისტია ასევე შეეხება დანაშაულის დაფარვისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულ სასჯელებს. მომხსენებლის განცხადებით, რა ვადითაც შემცირდება კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელი, იგივე პროპორციით შემცირდება ამ დანაშაულის დაფარვისთვის ან შეუტყობინებლობისთვის განსაზღვრული სასჯელის ვადა.
პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
კანონპროექტი არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
„ამ ამნისტიის ამოქმედების შემდეგ დაახლოებით 1000 ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო დაახლოებით 4 800 ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება და ისინიც ეტაპობრივად დატოვებენ პენიტენციურ დაწესებულებებს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.