საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.
"აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია კარგ საფუძველს ქმნის სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და სომხეთის პარტნიორობის გასაღრმავებლად.
საუბარი შეეხო მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურენ პაპიკიანს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი მასპინძლობს.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
"აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წელს გაფორმდა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები - გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ასევე, სომხეთისა და საქართველოს ელჩები დაესწრნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალთან პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას", - ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.