საქართველოში ვერავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი დედის დედობა და ქართველი მამის მამობა , - განაცხადა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, პარტიის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ივანიშვილის განცხადებით, "ვეღარავინ უნდა ბედავდეს ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდას".
"ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავჭრათ პრობლემა, რომელიც, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სახით, უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რწმენისა და შვილების მომავალს. საქართველოში ვერავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი დედის დედობა და ქართველი მამის მამობა. ვეღარავინ უნდა ბედავდეს ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდას, რაც დღეს უკონტროლოდ მოედინება რადიკალური ჯგუფების მიერ მართული მედიიდან. გასულმა წლებმა დაადასტურა, რომ მე და ჩემი გუნდი ვართ გარანტი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ აგრესიულმა უმცირესობამ თუნდაც ვერბალურად იძალადოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაზე.
ისტორიულად, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა მთავარი საზრუნავი იყო გურულებისათვის. თქვენ დიდი ღვაწლი გაქვთ სხვადასხვა ეპოქაში საქართველოს გაერთიანებაში. ამ მხრივ, ახლაც განსაკუთრებული მომენტი გვიდგას - ჩვენ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად. მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ მონიჭებული თითოეული მანდატი არის საქართველოს გაერთიანებისთვის მიცემული ერთი ხმა.
სწორედ ამიტომ, „ქართულ ოცნებას" სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან ჩემ მიერ ჩამოთვლილი საკითხები - დამნაშავე პოლიტიკური აგენტურის გასამართლება და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, ფსევდოლიბერალური ღირებულებებისგან ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების დაცვა და მზადება საქართველოს გასაერთიანებლად სწორედ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაშია შესაძლებელი", - თქვა ივანიშვილმა.