საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფ აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს, როგორც ინდივიდუალურად ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი, ასევე კარიბის ქვეყნების ორგანიზაციასთან და სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები.
მათივე ცნობით, ხაზი გაესვა საქართველოსთვის გლობალური პარტნიორობის განმტკიცებისა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპაციის საკითხსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. მინისტრმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა მათი ქვეყნების მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რასაც, პოლიტიკური ასპექტის გარდა, განსაკუთრებული ჰუმანიტარული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მინისტრმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგზე.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ჩართულობის და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. მინისტრებთან ინდივიდუალურ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების და სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე. აღინიშნა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და მიღწევები კარგი მმართველობის, სახელმწიფო სერვისების, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების და სხვა მრავალი მიმართულებით. გამოიხატა სხვადასხვა სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების მზაობა. მინისტრმა კოლეგებს გააცნო საქართველოს გაზრდილი როლი გლობალურ ენერგეტიკულ და სატრანზიტო მარშრუტებში და ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარების მიზნით ხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მოწვევით, თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობენ აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წევრი სახელმწიფოების – გრენადის, სენტ-ვინსენტის და გრენადინების, სენტ-კიტსის და ნევისის, სენტ-ლუსიის, ანტიგუა და ბარბუდის საგარეო საქმეთა მინისტრები.