ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ბრიფინგი გამართა;
"ვიმყოფებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, სადაც არის უზარმაზარი რიგი, მაგრამ როგორც არაერთმა ადამიანმა გვითხრა დღეს, რომელსაც დღეს გავესაუბრეთ, როგორც წესი არის კიდევ უფრო დიდი რიგები, რასაც იწვევს გაჭირვება, სიღატაკე, სიდუხჭირე, რასაც ადამიანები ებრძვიან და იძულებულები არიან გადავიდნენ თურქეთში მედიკამენტებზე, საკვებ პროდუქტებზე. იგივე ხდებოდა ცოტახნის წინ, როდესაც ვიყავი ვალეში, ახალციხეში, სადაც საზღვარზე უამრავი ადამიანი გადადის ელემენტარული პირველადი მოხმარების პროდუქტების საყიდლად თურქეთში, რადგან საქართველოში არის ხელოვნურად გაზრდილი ფასები იმ მონოპოლიების გამო, რომელიც შექმნა ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ, სადაც ეკონომიკა მუშაობს მხოლოდ მასზე, მხოლოდ მის გარემოცვაზე. ყველა ვისაც ვხვდებით გვეუბნებიან, რომ 26 ოქტომბერი არის შანსი ვთქვათ უარი ამ სიღატაკეზე, რომელიც გამოიწვია ივანიშვილის პოლიტიკამ და მოვიპოვოთ კეთილდღეობა ევროპაში. ეს არის რეალურად ის არჩევანი, რომელზეც ყველა საუბრობს, რომლებსაც აქვს ცვლილებების შანსი და რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, რომ ეს ცვლილებები ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობით. არჩევანი არის ნათელი - ევროპული კეთილდღეობა ან სიღატაკე იზოლაციაში და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებს საქართველოს თითოეული მოქალაქე და უარს ეტყვის იმ გაჭირვებას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ყველგან, სადაც ჩავდივართ", - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.