ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მის თითოეულ მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა, "დადგეს ქართველი ხალხის მხარეს, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხის ინტერესი და ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი" რუსული კანონის მოქმედების შეჩერების გზით.
"გაზაფხულზე მთელმა მსოფლიო ნახა განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდების დამსახურებით, რომ საქართველო ირჩევს ევროპას. მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ქართველი ახალგაზრდების და საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის ევროპა. როდესაც უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი აქციებით ქართველმა ხალხმა უთხრა არა რუსულ კანონს და კი - ევროპას. მიუხედავად ამისა, ივანიშვილმა მიიღო რუსული კანონი და აპირებს მის ამოქმედებას და დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ისტორიული შანსი, რომ შეაჩეროს აღნიშნული კანონის მოქმედება, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მის თითოეულ მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ ისტორიულ გზაგასაყარზე დადგეს ქართველი ხალხის მხარეს, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხის ინტერესი და ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი. ის რომ ქართველ ხალხს ეს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს, რომ მათ სურთ ევროპული კეთილდღეობა და უარს ეუბნებიან სიღატაკეს იზოლაციაში, რაც ემუქრება ქართველ ხალხს რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში. რის გამოც საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დაკარგეს ათეულობით მილიონი დოლარის თუ ევროს დაფინანსება [...].
ამიტომ, არჩევანი არის ძალიან ნათელი, ევროპული კეთილდღეობა ან სიღატაკე იზოლაციაში და ამ არჩევანში უდიდესი წვლილი აქვს დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს". - თქვა ბოკუჩავამ.
დღეს, 29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე პირველი განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ 5 სარჩელია შესული: საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციონერი დეპუტატების, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის.