29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლო დაიწყებს „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით შეტანილი სარჩელების განხილვას.
სულ საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეტანილია 4 სარჩელი.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
"აგენტების კანონის" არაკონსტიტუციურად ცნობას 4 სხვადასხვა სარჩელით ითხოვს:
საქართველოს პრეზიდენტი;
122 ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია და ორი მედიაორგანიზაცია - ა(ა)იპ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", ა(ა)იპ "უფლებები საქართველო", ა(ა)იპ "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი" და სხვები (სულ 122 მოსარჩელე);
საქართველოს პარლამენტის წევრები - თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი);
ორი მედიაორგანიზაცია - შპს "საინფორმაციო ცენტრების ქსელი" და ა(ა)იპ "სტუდია მონიტორი".
"წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წესსა და აწესრიგებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს და აბრკოლებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესს, რითაც იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას.
ისინი აგრეთვე შუამდგომლობენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
2024 წლის 14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო ხელმეორედ ინიციირებული კანონი, რასაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება მოყვა.