1924 წლის აჯანყებიდან 100 წელი გავიდა.
საქართველოს ოკუპაციის დაწყებისთანავე, საბჭოთა რუსული პროპაგანდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას ხელოვნურ და არასიცოხლისუნარიან მოვლენად აცხადებდა, მისი აღდგენისთვის გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს კი "ავანტიურად" და "ევროპული იმპერიალიზმის შეთქმულებად“ წარმოაჩენდა.
1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საერთო-სახალხო აჯანყება დაიწყო. აჯანყება მიზნად ისახავდა საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმის დამხობასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული წეს-წყობილების აღდგენას.
აჯანყებულებმა მნიშვნელოვან წარმატებას რამდენიმე რეგიონში მიაღწიეს. შეძლეს დაეკავებინათ სენაკის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ქუთაისის და შორაპნის მაზრის ნაწილი, სვანეთი, ქალაქები - ჭიათურა, საჩხერე, სენაკი და ზუგდიდი. აღმოსავლეთ საქართველოში აჯანყებულთა რაზმები მოქმედებდნენ თბილისის მაზრაში, გარე-კახეთში, დუშეთის მაზრაში. აჯანყებულებმა შეუტიეს მანგლისს, სართიჭალას, დაიკავეს დუშეთი.
საქართველოს ერთიანი ეროვნული აჯანყების ჩასახშობად, საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა, იოსებ სტალინის უშუალო ჩართულობით, პოლიტპატიმრების და აჯანყების მხარდამჭერი მოქალაქეების მასობრივი დახვრეტა გააჩაღა. აჯანყების 10 დღის განმავლობაში საბჭოთა რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა დაახლოებით 4 000 ადამიანი დასაჯა სიკვდილით, მათ შორის 1919 წელს დემოკრატიულად არჩეული დამფუძნებელი კრების 11 დეპუტატი; ოფიცრები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მუშები და გლეხები.
ფოტოზე: საქართველოს საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმისაგან გასათავისუფლებლად მოსალოდნელ აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთიდან საქართველოსკენ გზად მყოფი სახალხო გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი, თბილისის ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი, დამფუძნებელი კრების დეპუტატი - ვასილ ნოდია, საქართველოს პროფკავშირების პრეზიდიუმის წევრი - ვიქტორ ცენტერაძე (ოთხივე დახვრიტეს 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისას) და დამფუძნებელი კრების დეპუტატი - გრიგოლ ცინცაბაძე (დახვრიტეს 1937 წელს, გადასახლებაში).
წყარო: Sovlab