იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა.
ახალ რწმუნებულს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ლევან ზალკალიანს ახალ
პოზიციაზე წარმატებები უსურვა.
ლევან ზალკალიანი ამ დრომდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციას იკავებდა. ასევე იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.
სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის განმავლობაში – ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება.
ლევან ზალკალიანი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე ზვიად შალამბერიძეს შეცვლის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში დელეგატად წარადგინა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.