მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ რაჟდენ კუპრაშვილი „ტყუის, ბრალდებები კი არის ყალბი და მავნე“.
„ჩვენი მოძრაობა შედგება საზოგადოების ცნობილი წევრებისგან, ისინი არიან ექსპერტები, მეცნიერები და მკვლევრები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას. ეს ადამიანები სარგებლობენ მაღალი სანდოობით საზოგადოებაში და იბრძვიან, რომ ქვეყნის კურსი ზედმიწევნით იყოს თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციასთან. ჩვენს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არ არის მხოლოდ შეტევა ჩვენს მოძრაობაზე, არამედ ამ პიროვნებების მთლიანობასა და იმ ღირებულებებზე, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ „ქართულ ოცნებას“ აშინებს პოლიტიკურ სფეროში ახალი და სანდო ლიდერების გამოჩენა. მათ ეშინიათ იმ გამოწვევის, რომელსაც ჩვენ ვუქმნით მათ სტატუს კვოს. ბიძინა ივანიშვილის პარტიის სასოწარკვეთა აშკარაა, მათ ეშინიათ სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების. საზოგადოება კარგად ხედავს „ქართული ოცნების“ მცდელობას, გააჩუმოს და ჩაახშოს განსხვავებული აზრი. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დემოკრატიის, თავისუფლების და საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.