კრემლში ძალიან კარგად იციან, რომ მათი პარტნიორი, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხთან ამ არჩევნებს აგებს. ამიტომ, შემთხვევითი არ არის კამპანიის ის დეზინფორმაციული ნიაღვარი, რომელიც მოემართება კრემლის მხრიდან და ატაცებული აქვთ ასევე "ქართული ოცნების" ლიდერებს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე რუსეთის დაზვერვის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე კრემლშიც და "ქართულ ოცნებაშიც" ერთნაირად ნერვიულობენ.
"ფაქტია, რომ "ქართულ ოცნებასა" და კრემლში ერთნაირად ნერვიულობენ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. კრემლში ძალიან კარგად იციან, რომ მათი პარტნიორი, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხთან ამ არჩევნებს აგებს. ამიტომ, შემთხვევითი არ არის კამპანიის ის დეზინფორმაციული ნიაღვარი, რომელიც მოემართება კრემლის მხრიდან და ატაცებული აქვთ ასევე "ქართული ოცნების" ლიდერებს, მათ შორის, ვნახეთ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებები, რომელიც რუსულ მედიაარხებზე მთავარი მოქმედი პირი გახდა, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთი-ერთზე სხედან ერთსა და იმავე პროპაგანდაზე და კრემლი ღიად გულშემატკივრობს "ქართულ ოცნებას", მაგრამ მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ ამ არჩევნებში გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი, რომელსაც აღარ უნდა რუსულ ჭაობში ცხოვრება, რომელსაც უნდა უკეთესი ევროპული მომავალი. შესაბამისად, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. ისეთი არჩევანის, რომელიც ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ, უკეთესი მომავლისკენ, რათა ხალხს ჰქონდეს უკეთესი ცხოვრება, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ყველა ის სიკეთე, რის მისაღებადაც ათასობით ადამიანი ყოველდღიურად ტოვებს ქვეყანას", - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" ამზადებს.