რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" გეგმავს.
მათი მტკიცებით, ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებისთვის დამკვირვებლების მობილიზებას იწყებენ. მათ გაყალბების "ეჭვგარეშე ფაქტების" გამოვლენა და დაფიქსირება ევალებათ.
„ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ. რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო იუწყება, რომ, მიღებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი უკიდურესად უკმაყოფილოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, „თბილისის მეიდანზე“ იგეგმება კენჭისყრის დროს გაყალბების მტკიცებულებების გამოქვეყნება, არჩევნების შედეგების არაღიარება და ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა. მათივე მტკიცებით, მოხდება სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირება პროტესტის ძალით ჩახშობისთვის.
"ამერიკელები აპირებენ, მასიურად გაზარდონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე არჩევნებამდე დარჩენილ კვირებში, რათა მაქსიმალურად შეასუსტონ ქართული ოცნების საარჩევნო პოზიციები", - წერია განცხადებაში.