მივესალმები რაჭას, რაჭველებს, ლეჩხუმს, ლეჩხუმელებს, სვანებს, დიდი მადლობით დავიწყებ, რადგან რომ არა თქვენი უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც 2012 წლის შემდეგაც კი უპრეცედენტოა, ჩვენ ასე მყარად, ასე ამაყად დღეს ვერ ვილაპარაკებდით და ვერ წარვდგებოდით თქვენს წინაშე, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა, მამუკა მდინარაძემ ამბროლაურში შეკრებილ მხარდამჭერებს.
როგორც მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა, საქართველომ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით უნდა იაროს წინ.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად გამოვდივართ და ვამბობთ ხოლმე, რომ 60-პროცენტიანი მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ქუდზე კაცი, რატომ? არც ერთი ადამიანი, რომელსაც თავისი სამშობლო, თავისი მამული, თავისი რწმენა, ენა, უპირველესად მიაჩნია, სახლში არ დარჩეს, რადგან ერთმა ხმამ შეიძლება, გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი. საკონსტიტუციო უმრავლესობისა, რომელიც უბრალოდ ვინმეს სიმრავლისთვის კი არ სჭირდება, სჭირდება ქვეყნის და გუნდის სიმყარისთვის, რომ ასევე ამაყად გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის, წარმატებისათვის.
თქვენ ალბათ გახსოვთ 2017 წელს, როდესაც ქალისა და მამაკაცის ერთობაზე ვსაუბრობდით, მაშინ ყველაზე პატრიოტი, ყველა ქართველი ქალი და კაცი ამას მიესალმებოდა, მაგრამ დღეს დადგა დროს, როდესაც მხოლოდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. როდესაც გვეუბნებიან, რომ ლგბტ პროპაგანდას თურმე არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გაგვამყაროთ, ამისათვის სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა სხვა ეროვნულ საკითხებთან ერთად. ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ მათ ხანდახან წამოსცდებათ კიდევაც რომ არჩევნების შემდეგ ალბათ ქუჩა დასჭირდებათ, ასეთიც მოგისმენიათ ხომ?! რადგან არც ერთ მათგანს, ჩვენი ოპოზიციიდან, არ აქვს იმის იმედი, რომ მიუახლოვდება გამარჯვების რაიმე ნიშნულს. მათ იციან, რომ „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი იმარჯვებს, ამიტომ არიან პროვოკაციების იმედზე. როდესაც „ქართული ოცნება“ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ყოველგვარი შანსი და სივრცე პროვოკაციების და ხალხის მოტყუების, მათი, თავისი ამომრჩევლის მოტყუების გაქრება. ამისათვის კიდევ ერთხელ ქუდზე კაცი საქართველოდან, რომ ჩვენი სიმყარე მაქსიმალურად უზრუნველვყოთ. ამიტომ, ჩვენი მთავარი სლოგანი უნდა განვახორციელოთ. უნდა შევძლოთ, რომ მშვიდობით, ღირსებით, ქართველი კაცისა და ქალისათვის დამახასიათებელი ღირსებით და კეთილდღეობით ვიაროთ წინ, ვიაროთ ქვეყნის ერთიანობისკენ და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ“, – განაცხადა მდინარაძემ სიტყვით გამოსვლისას.