„ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მას წაგებული აქვს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, ასევე მანდატების გაუქმებაზე საუბრობენ, რადგან „შეშინებულები არიან“.
„ეს არის განცხადება, რომელსაც შეშინებული ხელისუფლება აკეთებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მას წაგებული აქვს. ხელისუფლება, რომელსაც მოგების მოლოდინი აქვს, მსგავსი ტიპის განცხადებებს არ აკეთებს. ეს დამარცხებული და მარცხით შეშინებული ხელისუფლების განცხადებაა, მაგრამ ამ განცხადებით, ისინი ვერავის შეაშინებენ.
რაც შეეხება დასჯაზე საუბარს. თუ ვინმე ამ 12 წლის გამავლობაში „ქართულმა ოცნებამ” დასაჯა, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მათ სიღარიბით, მუდმივი ინფლაციით, უმუშევრობით, იძულებით მიგრაციით დასაჯეს. ამას დაემატა მურუსიძე-ჩინჩალაძე-ფარცხალაძის უვადოთ დანიშნული უსამართლო მართლმსაჯულების სისტემა. ეს არის ის სასჯელი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” საქართველოს მოქალაქეებს გამოუტანა და ჩვენ ამ სასჯელს ამდენი წელია ვუყურებთ. 26 ოქტომბერი ის დღე იქნება, როდესაც ამ შეშინებულ, კორუმპირებულ და არაფრის მაქნის ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეები წარსულში დატოვებენ”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.